თბილისის მასშტაბით დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურა უახლოეს პერიოდში, ღამის საათებში მოწესრიგდება
დედაქალაქის მასშტაბით დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენა უახლოეს პერიოდში, ძირითადად ღამის საათებში განხორციელდება, - განაცხადა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.
მისი თქმით, უკვე გამოვლენილია გამარჯვებული კომპანია, რომელიც მთელი ქალაქის მასშტაბით განახორციელებს შესაბამის პროექტებს.
„ზამთრის სეზონიდან მოყოლებული უამინდობამ და ტემპერატურის მკვეთრმა ცვალებადობამ დედაქალაქში ძალიან დააზიანა საგზაო ინფრასტრუქტურა. არის კონკრეტული გზის მონაკვეთები, რომლებიც დაზიანებულია და აუცილებელ ჩარევას საჭიროებს.ჩვენ გამოცხადებული გვქონდა ტენდერი აღნიშნული მიმართულებით, უკვე გვყავს გამარჯვებული კომპანია, რომელიც მთელი ქალაქის მასშტაბით, განსაკუთრებით ღამის საათებში, არა მხოლოდ ცენტრალურ ქუჩებზე, არამედ შიდა საუბნო გზებზეც მოახდენს შესაბამის რეაგირებას, რათა საგზაო ინფრასტრუქტურა დედაქალაქის მასშტაბით იყოს მოწესრიგებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა მოსახლეობას ჩართულობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„რაც შეეხება დაზიანებული მონაკვეთების აღდგენას, ძირითადად ღამის საათებში ჩატარდება სამუშაოები, რასაც ახლავს გარკვეული დისკომფორტი ხმაურის სახით, თუმცა ეს არ იქნება ხანგრძლივად. იქიდან გამომდინარე, რომ დღის განმავლობაში გზის გადაკეტვა ძალიან დიდ პრობლემებს იწვევს, თან სამუშაოები ერთდროულად რამდენიმე ქუჩაზე ჩატარდება, შესაბამისად, მუშაობა მხოლოდ ღამის საათებში მოგვიწევს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
სხვა სიახლეები
დავით სონღულაშვილი BP-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა
20.05.2026.14:38
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ბრითიშ პეტროლიუმის (BP) საქართველოს ოფისის დირექტორს აითან ჰაჯიევას შეხვდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
შეხვედრაზე მხარეებმა BP-ისა და საქართველოს მრავალწლიანი თანამშრომლობის შედეგები, მიმდინარე და სამომავლო პროექტები განიხილეს. საუბარი შეეხო ქვეყანაში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარებას, ასევე გარემოსდაცვით სტანდარტებთან შესაბამისობასა და ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერებას.
დავით სონღულაშვილმა სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მსგავსი პარტნიორობა ქვეყნის გარემოს დაცვის მიმართულებით განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს.
„BP-თან თანამშრომლობა წლების განმავლობაში იყო ძალიან ეფექტიანი და შედეგზე ორიენტირებული. სამინისტროსა და კომპანიას შორის ჩამოყალიბებულია მჭიდრო სამუშაო ურთიერთობა, რაც უზრუნველყოფს როგორც გარემოსდაცვითი სტანდარტების დაცვას, ისე მნიშვნელოვანი პროექტების შეუფერხებელ განხორციელებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს პარტნიორობა მომავალშიც გაგრძელდეს და კიდევ უფრო გაძლიერდეს“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.
კომპანიის წარმომადგენლის თქმით, BP საქართველოში საქმიანობის 30 წელს აღნიშნავს და ამ პერიოდის განმავლობაში სახელმწიფოსთან თანამშრომლობით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა.
„საქართველო ჩვენთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია. BP რეგიონს არ ტოვებს, პირიქით, საქართველოში და მთლიანად რეგიონში საქმიანობის გაფართოებას განაგრძობს. ჩვენ ვრჩებით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის და სამხრეთ კავკასიური მილსადენების სისტემის პარტნიორებად და გავაგრძელებთ მნიშვნელოვანი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მართვას“, - აღნიშნა აითან ჰაჯიევამ.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გარემოსდაცვით და საინვესტიციო პროექტებს, მათ შორის ტყის აღდგენისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მიმართულებებს. აღინიშნა, რომ BP აქტიურად თანამშრომლობს სამინისტროს სისტემაში შემავალ უწყებებთან როგორც ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის, ისე გარემოსდაცვითი და ბუნებრივი რესურსების დაცვის პროექტების განხორციელების კუთხით.
შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები - გიორგი წკრიალაშვილი, ზურაბ ეზუგბაია და ბრითიშ პეტროლიუმის საგარეო ურთიერთობების მენეჯერი რუსუდან მეძმარიაშვილი ესწრებოდნენ.