თბილისის მერია აცხადებს კონკურსს - „თქვენზე მორგებული უბანი - იდეების კონკურსი ახალი ურბანული გამოცდილებისთვის“
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, „თბილისის მდგრადი ურბანული მობილობის“ ფარგლებში, ცხადდება კონკურსი „თქვენზე მორგებული უბანი - იდეების კონკურსი ახალი ურბანული გამოცდილებისთვის“.
როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, კონკურსი მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქალაქის განვითარებაში მოქალაქეების გამოცდილება, ყოველდღიური საჭიროებები და იდეები უფრო მეტად იყოს გათვალისწინებული.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ქალაქის განვითარებაში მოქალაქეების გამოცდილება, ყოველდღიური საჭიროებები და იდეები უფრო მეტად იყოს გათვალისწინებული. სწორედ ამ მიზნით ცხადდება კონკურსი - „თქვენზე მორგებული უბანი - იდეების კონკურსი ახალი ურბანული გამოცდილებისთვის“. ამ საინტერესო პროექტის განაცხადების მიღება დღეს დაიწყო. მოგიწოდებთ ყველას აქტრიურობისკენ, მონაწილეობის მიღებისკენ, რომ ერთად გავაუმჯობესოთ კონკრეტული უბნები, არეალები. ჩვენ მოვისმენთ თქვენს იდეებს, ხედვებს და ჩვენი ჩართულობით, კონკრეტული პროექტების განხორციელებას შევძლებთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, საკონკურსო არეალის შესახებ ინფორმაცია თბილისის მერიის ვებგვერდსა და შესაბამის „ფეისბუქ“ გვერდზეა განთავსებული - https://tbilisi.gov.ge/page/3353.
„კონკურსის მიზანია, მივიღოთ პრაქტიკული და საზოგადოებისთვის სასარგებლო იდეები, რომლებიც კონკრეტულ ურბანულ გარემოს გააუმჯობესებს - იქნება ეს ფეხით მოსიარულეთა გადაადგილების უსაფრთხოება, ხელმისაწვდომობა, საზოგადოებრივ ტრანსპორტთან კავშირი თუ მოქალაქეებისთვის უფრო კომფორტული გარემოს შექმნა. საკონკურსო არეალი მოიცავს თამარ მეფისა და აღმაშენებლის გამზირების, მარჯანიშვილის ქუჩისა და ზაარბრიუკენის მოედნის მიმდებარე ქუჩებს, ასევე, საჯარო სივრცეებს. დეტალურ ინფორმაციას და ზუსტ საკონკურსო არეალს ნახავთ მერიის ვებგვერდსა და შესაბამის „ფეისბუქ“ გვერდზე - https://tbilisi.gov.ge/page/3353“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
მისივე თქმით, „მობილობის ევროპული კვირეულის“ ფარგლებში სხვადასხვა საინტერესო აქტივობაა დაგეგმილი.
„დღეს დაიწყო „მობილობის ევროპული კვირეული“, რომელსაც დედაქალაქი უკვე მეშვიდე წელია უერთდება. კვირეულის ფარგლებში, თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მიერ დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობა, რომელიც მიზნად ისახავს მდგრადი მობილობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას. მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, ეწვიონ მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტს“ და დიდი დიღმის ავტობაზას, სადაც გაეცნობიან როგორც მეტროს, ისე ავტობუსების მუშაობის სპეციფიკას“, - განაცხადა კახა კალაძემ.
სხვა სიახლეები
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო, ჭოველიძისა და ზანდუკელის ქუჩების მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
04.11.2026.16:07
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, თამარ ჭოველიძისა და მიხეილ ზანდუკელის ქუჩების მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება.
კერძოდ, 5 ნოემბრის 00:00 საათიდან 9 ნოემბრის 00:00 საათამდე მერაბ კოსტავას ქუჩიდან (მეტროსადგურ „რუსთაველის“ მხრიდან) მოძრავი სატრანსპორტო საშუალებებისთვის თამარ ჭოველიძის ქუჩაზე მარცხნივ მოხვევა შეიზღუდება. აღნიშნული მიმართულებით მოძრავი ავტომობილები, მათ შორის, მიკროავტობუსები - N408 და N420 თამარ ჭოველიძის ქუჩაზე მოხვედრას მერაბ კოსტავას ქუჩიდან იაკობ ნიკოლაძის ქუჩაზე ასვლითა და შემდგომ პეტრე მელიქიშვილის გამზირის გავლით შეძლებენ.
ამასთანავე, 5 ნოემბრის 00:00 საათიდან 15 დღის განმავლობაში, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩიდან ძმები კაკაბაძეებისა და მიხეილ ზანდუკელის ქუჩებისკენ გადაადგილება შეიზღუდება.
შეზღუდვის პერიოდში ზანდუკელის ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ჯავახიშვილის ქუჩაზე მოტრიალებით, შემდეგ კი - მერაბ კოსტავას, ნიკო ნიკოლაძის ქუჩებისა და პეტრე მელიქიშვილის გამზირის გავლით, თამარ ჭოველიძის ქუჩის მიმართულებით.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო.