თბილისის მერია ელექტროდამტენების მონტაჟზე აუქციონს აცხადებს
თბილისის მერი კახა კალაძე მოუწოდებს მოქალაქეებს, დასამუხტიმოწყობილობებით სპეციალურად აღჭურვილი პარკირების ადგილები მხოლოდ და მხოლოდ შესაბამისი მიზნით გამოიყენონ.
როგორც მან დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, გახშირდა შემთხვევები, როდესაც საპარკინგე ადგილებს, რომლებიც ელექტრომობილების დასამუხტად არის განკუთვნილი, აღნიშნული საჭიროების არმქონე ავტომობილების მძღოლები იყენებენ, რაც კანონდარღვევაა და შესაბამისი რეაგირება მოყვება.
„გარემოზე, მათ შორის, ჰაერის სისუფთავეზე ზრუნვა ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება და ამ მიზნის მისაღწევად მუნიციპალიტეტმა არაერთი ნაბიჯი გადადგა, თუმცა გამოწვევები ჯერ კიდევ გვრჩება. თბილისის მერიამ დედაქალაქის მასშტაბით მოაწყო ელექტროდამტენები - დასამუხტი მოწყობილობებით სპეციალურად აღჭურვილი პარკირების 100-მდე ადგილი, რომელიც განკუთვნილია ელექტროძრავიანი ავტომობილებისთვის. აღნიშნული ადგილები წარმოადგენს მნიშვნელოვან სერვისს ელექტროტრანსპორტის მფლობელთათვის და მათი მიზნობრივი გამოყენება აუცილებელია ამ ინიციატივის წარმატებით განხორციელებისთვის, თუმცა, მიუხედავად პერმანენტული მონიტორინგისა და დაჯარიმებებისა, ხშირია შემთხვევები, როდესაც აღნიშნულ პარკირების ადგილებს, რომლებიც ასევე შესაბამისად მონიშნულია, იკავებენ ავტომობილები, რომელთაც ბენზინზე ან დიზელზე მუშაობენ, რაც დარღვევაა და პრობლემას წარმოადგენს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, დარღვევას მოჰყვება რეაგირება კანონის ფარგლებში და შესაბამისი სამსახური ავტომობილებს საჯარიმო ავტოსადგომზე გადაიყვანს.
„მინდა, ვთხოვო დედაქალაქის მოსახლეობას, გამოვიჩინოთ პასუხისმგებლობა, პატივი ვცეთ ერთმანეთის უფლებებს და ერთად ვიზრუნოთ იმაზე, რომ თბილისი კიდევ უფრო სუფთა, ცოცხალი და ეკომეგობრული ქალაქი გახდეს. თქვენი მხარდაჭერა და ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. ხელი შევუწყოთ ერთმანეთს. ჩვენ ასეთ შემთხვევებზე ვიმოქმედებთ, გვექნება ძალიან პრინციპული დამოკიდებულება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ხელისუფლება ახალისებს ელექტრომობილების შემოყვანას ქვეყანაში. კერძოდ, აღნიშნული პოლიტიკის ფარგლებში, ელექტრომობილების განბაჟება, საპარკინგეადგილები და დამუხტვა უფასოა.
სხვა სიახლეები
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი განცხადებას ავრცელებს
16.06.2026.20:42
ჩუღურეთის რაიონში, კოტე მარჯანიშვილის ქუჩაზე საავტომობილო გზის საფარის ჩავარდნა წყალმომარაგების მიწისქვეშა ქსელის ფარულმა დაზიანებამ გამოიწვია.
ჯივიპის ტექნიკურმა ჯგუფმა ადგილზე ჩაატარა ქსელის დიაგნოსტირება და დაუყოვნებლივ დაიწყო გადაუდებელი აღდგენითი სამუშაოები.
ობიექტზე სამუშაოები გაგრძელდება უწყვეტ რეჟიმში, მთელი ღამის განმავლობაში.
მილსადენის რეაბილიტაცია და საგზაო ინფრასტრუქტურის პირვანდელი სახით მოწესრიგება დასრულდება ხვალ, 17 ივნისის დილის 07:00 საათამდე.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის.