რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, 1-ელი ნოემბრის 00:00-დან 2 ნოემბრის 00:00 საათამდე ჭოველიძის ქუჩის ასახვევში ავტომობილებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება სრულად შეიზღუდება
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, ჭოველიძის ქუჩისა და მელიქიშვილის გამზირის კვეთაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები იგეგმება, რის გამოც 1-ელი ნოემბრის 00:00-დან 2 ნოემბრის 00:00 საათამდე ჭოველიძის ქუჩის ასახვევში ავტომობილებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება სრულად შეიზღუდება.
მელიქიშვილის გამზირიდან მომავალი ავტომობილები ჭოველიძის ქუჩის შემოვლას შეძლებენ კოსტავას და ზანდუკელის ქუჩების გავლით. კოსტავას ქუჩიდან მომავალი ავტომობილები კი შემოვლას შეძლებენ ნიკოლაძის ქუჩაზე ასვლით, მელიქიშვილის გამზირის, ჯანაშიას და ბარნოვის ქუჩების საშუალებით.
შეზღუდვის პერიოდში, ჭოველიძის ქუჩაზე მოძრაობის მიმართულება შეეცვლება N378 ავტობუსის და მიკროავტობუსის N408, N420 მარშრუტებს. კერძოდ, N378 ავტობუსი სადგურის მოედნიდან რჩეულიშვილი-ჯაფარიძის ქუჩებისკენ გადაადგილებისას ვარაზისხევიდან მოძრაობას გააგრძელებს კეკელიძის ქუჩის მიმართულებით, რის შემდეგაც ჯანაშვილის ქუჩით დაუკავშირდება ბარნოვის ქუჩას და იმოძრავებს ჭოველიძის ქუჩისკენ, შემდეგ სვლას დადგენილი სქემით გააგრძელებს. მიკროავტობუსის N408 და N420 მარშრუტები ბარნოვის ქუჩიდან ძმები კაკაბაძეების ქუჩაზე ჩამოსვლის შემდეგ (მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორია), მოძრაობას აღარ გააგრძელებენ კოსტავას ქუჩისკენ. ხოლო უკუმიმართულებისას მიხეილ ზანდუკელის ქუჩით გადაადგილდებიან ბარნოვის ქუჩისკენ, შემდეგ დადგენილი სქემით იმოძრავებენ.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!
სხვა სიახლეები
მომავალი წლიდან საქართველოში მაგისტრალების მშენებლობა უპრეცედენტო მასშტაბით, ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით დაიწყება - რევაზ სოხაძე
30.10.2026.12:19
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში ქვეყანაში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობასა და მომავალი წლის გეგმებზე ისაუბრა.
მისი განცხადებით, მიმდინარე წელს უკვე რამდენიმე მილიარდი ლარის ინფრასტრუქტურული პროექტების ტენდერები გამოცხადდა, რომელთა უმეტესობაზეც კონტრაქტები გაფორმებულია.
მინისტრის ინფორმაციით, მომავალი წლიდან საქართველოში მაგისტრალების მშენებლობა უპრეცედენტო მასშტაბით გაგრძელდება და სამშენებლო სამუშაოები ერთდროულად რამდენიმე სტრატეგიული მნიშვნელობის მიმართულებაზე დაიწყება.
საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია რუსთავი-სადახლოსა და რუსთავი-წითელი ხიდის მონაკვეთების მშენებლობა. აღნიშნულ პროექტებზე ტენდერები უკვე გამოცხადებულია და ამ ეტაპზე შეფასების პროცესი მიმდინარეობს.
მომავალი წლიდან აქტიური სამშენებლო სამუშაოები დაიწყება თბილისის შემოვლით გზაზე, რომელიც ოთხ მონაკვეთად არის დაყოფილი და ოთხივე მონაკვეთზე პარალელურად განხორციელდება. ასევე გაგრძელდება კახეთის მიმართულებით მაგისტრალის მშენებლობა ბადიაურიდან ბაკურციხემდე.
მნიშვნელოვანი პროექტებია ქობულეთის შემოვლითი გზის ოთხზოლიანად გადაკეთება, სარფის გვირაბის მშენებლობა, სტეფანწმინდის შემოვლითი გზის მშენებლობა და ნატახტარი-ჟინვალის ახალი მაგისტრალის პროექტი.
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ქვეშეთის-კობის მონაკვეთზე თაღოვანი ხიდის მშენებლობის მნიშვნელოვან ეტაპზეც. მისი განცხადებით, ხიდის რკალის შეკვრა ერთ-ერთი ყველაზე რთული საინჟინრო სამუშაოს წარმატებით დასრულებას ნიშნავს.
„ვიღაცისთვის შეიძლება ეს უბრალოდ ერთ-ერთი სამშენებლო ეტაპი იყოს, თუმცა ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ყველაზე რთული საინჟინრო სამუშაო წარმატებით დასრულდა და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.
მინისტრის შეფასებით, მომავალი წლიდან ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით ასეთი მასშტაბის სამშენებლო სამუშაოების დაწყება ქვეყნის სატრანზიტო და ლოგისტიკური ფუნქციის გაძლიერებასთან ერთად, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქვეყნის შიგნით გადაადგილებასაც.
„მე თამამად შემიძლია გითხრათ, რომ მსგავსი მოცულობისა და ტემპის მაგისტრალების მშენებლობა ამ ქვეყანაში არასდროს ყოფილა და ერთდროულად ამდენი მიმართულებით სამუშაოები არ დაწყებულა. ეს ნიშნავს ჩვენი სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებას, ქვეყნის შიგნით მობილობის გაუმჯობესებას, რაც პირდაპირ აისახება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე. გადაადგილება გაცილებით მარტივი, კომფორტული და უსაფრთხო გახდება“, - აღნიშნა მინისტრმა.
რევაზ სოხაძემ ასევე ისაუბრა შიდასახელმწიფოებრივი გზების რეაბილიტაციაზე და განაცხადა, რომ მომავალი წლის განმავლობაში ამ მიმართულებით სამუშაოები აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება, რისთვისაც მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება.
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში არსებული საგზაო ინფრასტრუქტურის შესახებ გავრცელებულ შეფასებებზეც და აღნიშნა, რომ ცალკეული პრობლემური მონაკვეთების საფუძველზე მთლიანად ქვეყნის ინფრასტრუქტურის მდგომარეობის შეფასება და წინა პერიოდებთან არასწორი შედარებების გაკეთება უსამართლოა.
რევაზ სოხაძის განცხადებით, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება მხოლოდ საგზაო მიმართულებით არ იგეგმება. მომავალი წლიდან მნიშვნელოვანი სამუშაოები იქნება სამოქალაქო და სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის მიმართულებითაც.
ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.