თბილისის მერია პროგრამის - „ისწავლე და დასაქმდი“ ახალ ეტაპს იწყებს
თბილისის მერია წარმატებული პროგრამის - „ისწავლე და დასაქმდი“ ახალ ეტაპს იწყებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, დასაქმებითა და კვალიფიკაციის გაზრდით დაინტერესებული მოქალაქეები შესაბამისი კურსების გავლას ყოველგვარი გადასახადის გარეშე შეძლებენ.
„ქვეყანაში სამუშაო ადგილებთან დაკავშირებით გამოწვევა გვაქვს - არსებობს ბევრი ადამიანი, ვინც ეძებს სამსახურს და არსებობს ბიზნესსექტორი, რომელიც ეძებს კვალიფიციურ კადრებს. ვიწყებთ ჩვენი ერთ-ერთი ძალიან წარმატებული პროგრამის - „ისწავლი და დასაქმდი“ ახალ ეტაპს. 10 აპრილიდან 1-ელი მაისის ჩათვლით, დაინტერესებული მოქალაქეები შეძლებენ ონლაინ რეგისტრაციას პლატფორმაზე -www.dasakmdi.ge. პროგრამა ითვალისწინებს თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეების მომზადება/გადამზადებას მოკლევადიანი პროფესიული კურსების მეშვეობით, შრომის ბაზარზე მოთხოვნად სპეციალობებში და მათი დასაქმების ხელშეწყობას კერძო სექტორთან თანამშრომლობით. აღნიშნულ კურსებზე ჩვენი თანამოქალაქეების გადამზადებას ყოველგვარი გადასახადების გარეშე ვახდენთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე ინფორმაციით, პროგრამას წელს 15 ახალი მიმართულება დაემატა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოქალაქეების მომზადება/გადამზადება 65 სპეციალობაში იქნება შესაძლებელი. აღნიშნულ კურსებზე სწავლას მუნიციპალიტეტი დააფინანსებს.
„მიმდინარე პროგრამის ფარგლებში მომზადება/გადამზადებას გაივლის 1 000-მდე მოქალაქე. ბოლო წლების განმავლობაში, გადამზადდა 9 000-ზე მეტი მოქალაქე და დასაქმების მაჩვენებელი სწავლის დასრულებისთანავე შეადგენს, დაახლოებით, 70%-ს. ჩვენი მოქალაქეებისთვის კიდევ ერთი სიახლე გვაქვს - ვისაც სურს ონლაინ კურსებზე სწავლა და ამისთვის ესაჭიროება შესაბამისი ადგილი, მათ მთელი სასწავლო პროგრამის განმავლობაში, უსასყიდლოდ, ახლად რეაბილიტრებული მულტიფუნცქიური ბიბლითეკების თავისუფალ სამუშაო სივრცეებს ვთავაზობთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.