თბილისის მერია წარმატებულ სპორტსმენებს დააჯილდოებს
თბილისის მერიის ინფორმაციით, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, თბილისელი სპორტსმენების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართება.
ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, საქართველოს პარლამენტის, თბილისის მერიისა და საკრებულოს, სპორტული უწყებების, სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები, თბილისელი სპორტსმენები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.
„წარმატებულ თბილისელ სპორტსმენებს, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების პრიზიორებს, ოლიმპიური/პარალიმპიური თამაშების პრიზიორებს და ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში გამარჯვებულ გუნდებს, თბილისის მერიის სახელით, ფულადი ჯილდოები და სიმბოლური პრიზები გადაეცემათ.
ღონისძიებაზე დაჯილდოვდება 185 თბილისელი სპორტსმენი. ასევე, საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მიღწეული წარმატებისთვის დაჯილდოვდება ქალთა ხუთი და ამპუტანტთა ფეხბურთის ერთი გუნდი. გარდა ამისა, გამოვლინდება ხუთ ნომინაციაში გამარჯვებული: წლის ყველაზე წარმატებული სპორტსმენი, წლის საუკეთესო პარასპორტსმენი მამაკაცი, წლის საუკეთესო პარასპორტსმენი ქალი, წლის საუკეთესო სპორტსმენი მამაკაცი, წლის საუკეთესო სპორტსმენი ქალი.
გამარჯვებულები გამოვლინდნენ სპორტულ ჟურნალისტებს შორის ჩატარებული გამოკითხვის შედეგად.
2024 წელს სპორტული მიღწევებისთვის დაჯილდოებული სპორტსმენებისთვის გამოყოფილი ჯამური თანხა შეადგენს ერთ მლნ ლარს. პროგრამა 2018 წლიდან ფუნქციონირებს, რომლის ფარგლებში, უკვე დაჯილდოვდა 1 000-ზე მეტი სპორტსმენი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
დაჯილდოების ღონისძიება გაიმართება სასტუმროში „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.