თბილისის მერია ვერის პარკის რეაბილიტაციას იწყებს
ვერის პარკში სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, ვერის პარკი დაცულია კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსით და მისი ძირეული გარდაქმნა ან შეცვლა არ იგეგმება.
„ვერის პარკი ერთ-ერთი უძველესი და ისტორიული რეკრეაციული სივრცეა. მეოცე საუკუნის დასაწყისიდან მას გააჩნია როგორც საუბნო, ისე საქალაქო მნიშვნელობა. თავისი ფუნქციური დანიშნულებით ის გათვლილია ნებისმიერი ასაკის ადამიანზე. პროექტის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება მიექცა არსებული გეგმარებისა და აქტივობების შენარჩუნებას, გაუმჯობესებას და ახალი, გარემოსთვის შესაფერისი ფუნქციების ინტეგრაციას. ვერის პარკის რეაბილიტაციის შემდეგ, თბილისს შეემატება კეთილმოწყობილი, თანამედროვე საინჟინრო სისტემებით აღჭურვილი, თანამედროვე რეკრეაციული და გასართობი სივრცე, რომელიც მორგებული იქნება სხვადასხვა ინტერესებისა და ასაკის ნებისმიერ ადამიანზე“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, პარკს დაემატება სანიაღვრე სისტემა, ხოლო უსისტემო გაყვანილობები შეიცვლება და გრუნტში დაიმალება.
„სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, მოეწყობა ორი საბავშვო მოედანი ასაკის მიხედვით - ერთიდან სამ წლამდე და სამიდან - 12 წლამდე ბავშვებისთვის; ასევე, მოეწყობა ძაღლების სასეირნო სივრცე, გარე განათების სისტემა, საფეხმავლო ბილიკები, შადრევანი, სასმელი წყლის სოკოები, საპარკო ავეჯი, მოსასვენებელი პავილიონი, სპორტული მოედანი, საფეხბურთო მოედანი, ბელვედერი, ადმინისტრაციული შენობა და საპირფარეშო. პარკში არსებული მრავალწლოვანი ხე-მცენარეები შენარჩუნდება და ამასთან, გამწვანებული სივრცეებიც გაჩნდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
აღნიშნული სარეაბილიტაციო სამუშაოები 2025 წლის ბოლომდე დასრულდება.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.