თბილისის მერიამ 160 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვაზე ხელშეკრულება გააფორმა
შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა“ და „თეგეტა მოტორსს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, 160 ერთეული 18-მეტრიანი MAN-ის მარკის ავტობუსების შესყიდვა მოხდება.
როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ავტობუსების ნაწილი 2024 წლის პირველ აპრილამდე შემოვა.
„18-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვისთვის გამოცხადებული იყო ტენდერი, რომელშიც „თეგეტა მოტორსმა“ გაიმარჯვა. 15 ივნისს მათთან უკვე გაფორმდა ხელშეკრულება 160 ერთეული 18-მეტრიანი MAN-ის მარკის ავტობუსების. ავტობუსების შემოყვანა მოხდება ეტაპობრივად. პირველ ეტაპზე, 2024 წლის პირველ აპრილამდე შემოვა 50 ავტობუსი, ხოლო დარჩენილი რაოდენობა - 2024 წლის ბოლომდე“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მისი თქმით, ახალი ავტობუსები გათვლილია 162 მგზავრზე, აქედან 43 დასაჯდომი ადგილი იქნება.
„ავტობუსები სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის: სალონში გამოყოფილია სპეციალური სივრცე ეტლის უსაფრთხოდ დასაყენებლად, ასევე, ავტობუსს აქვს გადმოსაშლელი პანდუსი; დამონტაჟებულია თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემა, რომელიც გათვლილია თბილისის კლიმატურ პირობებზე; ავტობუსები აღჭურვილია ხმოვანი საინფორმაციო სისტემით, შიდა და გარე ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემით, მობილურის დასატენი წერტილებით და მონიტორინგის, მართვისა და უსაფრთხოების სხვა თანამედროვე სისტემებით. ავტობუსებში მოქმედებს საინფორმაციო სისტემა, რომელიც მოიცავს მგზავრების საფასურის გადახდისა და საინფორმაციო სისტემების მართვის კომპიუტერს, საინფორმაციო დაფებს, აუდიო საინფორმაციო და ვიდეომონიტორინგის სისტემას, ასევე WIFI მოწყობილობას“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
ამასთან, კახა კალაძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტი ამ მიმართულებით მასშტაბურ რეფორმას ახორციელებს. ახალი 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანის შემდეგ კი კიდევ უფრო მეტი მგზავრი შეძლებს, საზოგადოებრივი ტრანსპორტით ისარგებლოს.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება. ამ მიმართულებით ძალიან მასშტაბური რეფორმა მიმდინარეობს. განახლებულია ტრანსპორტის პარკი, გვყავს ახალი ავტობუსები, მიკროავტობუსები, თუმცა იმისთვის, რომ კიდევ უფრო ხელმისაწვდომი და კომფორტული გახდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადადგილება, მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. თბილისის მერია ამ რთულ და მნიშვნელოვან გზაზე ყველაფერს გააკეთებს, რომ მივიღოთ ის შედეგი, რაც ქალაქისთვის მნიშვნელოვანია. შეიძლება დაისვას კითხვა, თუ სად უნდა იმოძრაოს 18-მეტრიანმა ავტობუსებმა. ამისთვის მაქსიმალურად ვცდილობთ ქუჩები ინფრასტრუქტურულად ადაპტირებული გავხადოთ, რომ ამ ავტობუსებმა გადაადგილება უპრობლემოდ შეძლონ და რაც შეიძლება მეტ მგზავრს მოვემსახუროთ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.