თბილისის მერიამ რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო ძვირადღირებული მედიკამენტის 600-მდე შემთხვევა დააფინანსა
თბილისის მერიის მიერ რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო მედიკამენტის „აქტემრას“ დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან დღემდე, ძვირადღირებული მედიკამენტი 600-მდე შემთხვევა დაფინანსდა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღვანდელ სხომაზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, „რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო მედიკამენტის დაფინანსების“ პროგრამის განხორციელება 2025 წლის სექტემბერში დაიწყო.
„პროგრამა, ყოველ სამ თვეში ერთხელ, მედიკამენტის მისაღებად საჭირო მატერიალიზებული ვაუჩერის გაცემას ითვალისწინებს, რომლის საშუალებითაც, მოქალაქე მას აფთიაქში იღებს. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს, მედიკამენტი სრულად, 100%-ით უფინანსდება, ხოლო ყველა სხვა მოსარგებლეს - 80%-ით“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, მოქალაქე, „აქტემრას“ დასაფინანსებლად საჭირო მატერიალიზებული ვაუჩერის მისაღებად, შესაბამისი საბუთებით, თბილისის მერიას მიმართავს.
„თბილისის მერიის პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა აქვთ რევმატოიდული ართრიტის დიაგნოზის მქონე საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც განცხადებით მიმართვამდე ბოლო ორი წლის განმავლობაში უწყვეტად და ამავდროულად, პროგრამაში ჩართვის დროისთვის თბილისის მუნიციპალიტეტში არიან რეგისტრირებული. მედიკამენტოზური მკურნალობის საფუძველზე შესაძლებელია ამ ქრონიკული აუტოიმუნური დაავადების პროგრესის შეჩერება და მისი რემისიის ეტაპზე გადასვლა. შესაბამისად, მოქალაქე ქმედუნარიანი ხდება და მისი ცხოვრების ხარისხი მნიშვნელოვნად უმჯობესდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.