თბილისის მერმა GWP-ის მფლობელი კომპანიის - „აქუალიას“ აღმასრულებელ დირექტორთან შეხვედრა გამართა
თბილისის მერი კახა კალაძე „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (GWP) 100-პროცენტიანი წილის მფლობელი კომპანიის - „აქუალიას“ აღმასრულებელ დირექტორს სანტიაგო ლაფუენტე პერეს ლუკასს შეხვდა. საუბრის მთავარი თემა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხებოდა.
კახა კალაძემ ხაზი გაუსვა დედაქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებაში კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ საქმიანობის მნიშვნელობას.
„ჩვენ წლებია ვთანამშრომლობთ და ბევრ პროექტს ერთად ვახორციელებთ. ზოგადად, თბილისი ძველი ქალაქია და მიწისქვეშა კომუნიკაციების თვალსაზრისით, გარკვეული პრობლემები გვაქვს, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში, რაც ერთად გავაკეთეთ, ამდენი არასდროს გაკეთებულა. შემდეგ ოთხ წელში საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს ინფრასტრუქტრული პროექტების თვალსაზრისით. იმედი გვაქვს თქვენი მხარდაჭერის, რომ ერთად მოვაწესრიგებთ სხვადასხვა გამზირსა და ქუჩას“, - განაცხადა კახა კალაძემ.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრა წყლის მომავლის პირველი საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში გაიმართა.
თბილისის მერთან შეხვედრას ესწრებოდნენ „აქუალიას“ რეგიონული დირექტორი ხოსე ენრიკე ბოფილი, „აქუალიას“ ფინანსური დირექტორი ისიდორო მარბან ფერნანდესი, GWP-ის აღმასრულებელი დირექტორი ხოსე მიგელ სანტოსი, ამავე კომპანიის კომუნიკაციების დირექტორი ეკა ბერიძე და ტექნიკური დირექტორი გიგა ნადირაძე.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.