თბილისის მეტროპოლიტენის განახლება 111 ახალი ვაგონით ისტორიული მოვლენაა ჩვენი ქალაქის ცხოვრებაში, რადგან ბოლოს ახალი ვაგონები 34 წლის წინ შეემატა თბილისის მეტროს - კახა კალაძე
„თბილისის მეტროპოლიტენის განახლება 111 ახალი ვაგონით მართლაც ისტორიული მოვლენაა ჩვენი ქალაქის ცხოვრებაში, რადგან ბოლოს ახალი ვაგონები 34 წლის წინ შეემატა თბილისის მეტროს“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჩინეთში, მეტროს ვაგონების მწარმოებელ კომპანიაში (CRRC ) სტუმრობისას განაცხადა, სადაც სპეციალურად თბილისის მეტროპოლიტენისთვის წარმოებული ახალი მატარებლის წარდგენის ცერემონია გაიმართა.
როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, საქართველოს დედაქალაქისთვის სპეციალურად შეიქმნა მატარებლის ახალი ვაგონები, რომელიც უნდა გახდეს თბილისის მეტროს განუყოფელი ნაწილი და საქართველო-ჩინეთისმეგობრობის სიმბოლო.
გამოითქვა იმედი, რომ ღონისძიების სლოგანი - „თბილისის მეტროს წარმატებული განვითარება“ რეალური პერსპექტივაა.
სიტყვით გამოსვლისას თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქისთვის მეტროს მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღევანდელი დღე მეტროპოლიტენს ახალ სიცოცხლეს აძლევს.
„მიხარია, რომ დღეს ვიმყოფებით მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს მეტროს ვაგონების მწარმოებელ კომპანიაში (CRRC ) ჩვენი დედაქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სიახლის გამო და ამ სასიხარულო ფაქტს თქვენთან ერთად აღვნიშნავ. თბილისის მეტროპოლიტენის განახლება 111 ახალი ვაგონით, ეს მართლაც ისტორიული მოვლენაა ჩვენი ქალაქის ცხოვრებაში, რადგან ბოლოს ახალი ვაგონები 34 წლის წინ შეამატა თბილისის მეტროს.
თბილისის მეტროპოლიტენს ხანგრძლივი ისტორია აქვს. თავის დროზე მისი შექმნა ქალაქის სატრანსპორტო განვითარებისკენ გადადგმული ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო. დღეს უკვე ჩვენ ვაგრძელებთ ამ ისტორიას და ახალ სიცოცხლეს ვაძლევთ მეტროპოლიტენს, რომელმაც უნდა უპასუხოს თანამედროვე თბილისის საჭიროებებს.
მეტრო თბილისისთვის მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ არის. ის ქალაქის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. ეს არის ტრანსპორტი, რომლითაც ყოველდღიურად ასი ათასობით ადამიანი გადაადგილდება. ამიტომ, მეტროს განახლება მხოლოდ ტრანსპორტის განახლებას არ ნიშნავს, ეს არის ნაბიჯი კიდევ უფრო კომფორტული, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოს შექმნისკენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, მეტროს ვაგონების განახლების პროექტი ვერ განხორციელდებოდა, რომ არა საქართველოს ხელისუფლებისა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) დიდი მხარდაჭერა. ამასთან, როგორც მერმა აღნიშნა, უმნიშვნელოვანესი იყო შპს „ჯი-თი გრუპის“ თანამშრომლობა მეტროს ვაგონების მწარმოებელ უმსხვილეს კომპანიასთან - ჩინეთის სარკინიგზო მოძრავი შემადგენლობის კომპანიასთან.
მერის ინფორმაციით, ამ ეტაპზე უკვე დასრულებულია სრულიად თანამედროვე პირველი 4-ვაგონიანი შემადგენლობა, რომელიც წლის ბოლოს იქნება თბილისში. ასევე, როგორც კახა კალაძემ განაცხადა, თბილისის მეტროპოლიტენს ჯამში შეემატება 25 მატარებელი, მათგან 14 მატარებელი იქნება 4-ვაგონიანი, ხოლო 11 კი 5-ვაგონიანი.
„მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ რთულ და საპასუხისმგებლო პროცესში. მადლობას ვუხდი ჩვენს მასპინძელ ჩინურ მხარეს საოცარი და გულთბილი დახვედრისთვის და ჩვენი სიხარულის გაზიარებისთვის.
ახლა ჩემს უკან დგას თბილისის მეტროსთვის განკუთვნილი ახალი ვაგონი, რომელიც ამავდროულად არის ახალი ნაბიჯი თბილისის მომავლისკენ. გილოცავთ პროექტის წარმატებით განხორციელებას!“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თავის მხრივ, CRRC ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტმა ლი დინგ ნანიმ აღნიშნა, რომ პროექტს დიდი მნიშვნელობა ექნება ჩინეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებისთვის, ისტორიული მეგობრობის განმტკიცებისა და აზიისა და ევროპის დაკავშირებისთვის.
"თბილისის მეტროს პროექტი CRRC-ის მიერ „სარტყლისა და გზის“ მაღალხარისხოვანი განვითარებისთვის განხორციელებული ერთ-ერთი სიმბოლური პროექტია და ჩინეთ-საქართველოს ორმხრივად ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგი. ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ ის კიდევ უფრო სრულყოფს ქალაქის სატრანსპორტო ქსელს, აამაღლებს საზოგადოებრივი მომსახურების დონეს და მოქალაქეებს გადაადგილებას გაუადვილებს. პროექტს დიდი მნიშვნელობა ექნება ჩინეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებისთვის, ისტორიული მეგობრობის განმტკიცებისა და აზიისა და ევროპის დაკავშირებისთვის.
დღეს პირველი მატარებლის საზეიმო წარდგენა პროექტის მნიშვნელოვანი ეტაპია, უფრო მეტიც - ორივე მხარისთვის თანამშრომლობის გაღრმავებისა და ახალი ბაზრის ერთობლივად ათვისების ახალი დასაწყისი. მომავალში ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ყველა დაინტერესებულ მხარესთან ერთად გავაფართოებთ თანამშრომლობის სფეროებს“, - აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას CRRC ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტმა.
ღონისძიებას საქართველოს ელჩი ჩინეთში პაატა კალანდაძე, „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ დირექტორი გიორგი შარკოვი, GT გრუპის ერთ-ერთი დამფუძნებელი გია გველესიანი, CRRC ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი ლი დინგ ნანი, CRRC ფუჭენის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე იანგ ცი და CRRC ფუჭენის გენერალურ დირექტორი სუ ხაი ტა ესწრებოდნენ.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.