თბილისის N67 საჯარო სკოლის ახალი შენობის პროექტირება იწყება
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი თბილისში, კოტე აფხაზის ქუჩაზე მდებარე N67 საჯარო სკოლის ახალი შენობის პროექტირებას იწყებს.
ფონდმა, შესაბამისი ხელშეკრულება, კონკურსში გამარჯვებულ კომპანიასთან გააფორმა.
პროექტის ფარგლებში, არსებული სკოლის ტერიტორიაზე ახალი, 450 მოსწავლეზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა აშენდება.
პროექტირებისას გათვალისწინებული იქნება სკოლის ავტორიზაციის მოთხოვნები, შენობის უსაფრთხოება, ენერგოეფექტურობა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის ადაპტირებული გარემოს შექმნა.
თბილისის N67 სკოლაში, პროექტის მიხედვით, მოეწყობა საკლასო ოთახები, ბიბლიოთეკა და ლაბორატორია. დამონტაჟდება გათბობის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის თანამედროვე სისტემები, კეთილმოეწყობა და გამწვანდება სკოლის ტერიტორია.
სკოლის ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, პროექტის მომზადებისას გათვალისწინებული იქნება კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონის მოთხოვნები.
სხვა სიახლეები
ლაშა ავალიანი ქანდაში მარცვლეულის შემნახველი მეურნეობის გახსნას დაესწრო
23.10.2026.12:35
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქანდაში კომპანიის „ინვეტ ჯგუფი“ მარცვლეულის შემნახველი მეურნეობის გახსნის ღონისძიებას დაესწრო.
ახალი ობიექტის ტევადობა 11 000 ტონას შეადგენს. მეურნეობა აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური სასილოსე რეზერვუარებით, რაც მარცვლეულის შენახვის პირობების მუდმივი კონტროლისა და პროდუქციის ხარისხის შენარჩუნების შესაძლებლობას იძლევა. ტენიანობისა და ტემპერატურის კონტროლი მარცვლეულის სათანადო პირობებში შენახვას უზრუნველყოფს და დანაკარგების შემცირებას უწყობს ხელს.
„თანამედროვე სასაწყობე ინფრასტრუქტურის განვითარება სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. მოსავლის სათანადო პირობებში შენახვა პირდაპირ უკავშირდება პროდუქციის ხარისხის შენარჩუნებასა და სასოფლო-სამეურნეო დანაკარგების შემცირებას. მნიშვნელოვანია, რომ კერძო სექტორი თანამედროვე ტექნოლოგიებს ნერგავს და ინფრასტრუქტურის განვითარებაში ინვესტიციებს ახორციელებს. სახელმწიფოს მხარდაჭერის მიზანიც სწორედ ასეთი ინიციატივების ხელშეწყობაა, რათა აგროსექტორში წარმოების შესაძლებლობები გაიზარდოს და საქმიანობა გრძელვადიან განვითარებაზე იყოს ორიენტირებული“, - განაცხადა ლაშა ავალიანმა.
პროექტი „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში განხორციელდა. მისი ჯამური ღირებულება 4,4 მილიონ ლარს შეადგენს, საიდანაც 1,5 მილიონი ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია, ხოლო 364 818 ლარი - სახელმწიფო თანადაფინანსება.
შპს „ინვენტ ფიდი“ სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარია და 2015 წლიდან სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამებით სარგებლობს.
პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, შემნახველი მეურნეობების შექმნის მიზნით, გაცემულია 939 მილიონი ლარის ღირებულების აგროსესხები, ხოლო სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 169 მილიონ ლარს აღემატება.