თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაციის პირველი ეტაპი დღეიდან იწყება
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაციის პირველი ეტაპი დღეიდან იწყება და 12 ივლისამდე გაგრძელდება.
რეგისტრაციას გაივლიან შემდეგი მიზნობრივი ჯგუფების წარმომადგენელი ბავშვები: თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილები; სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები; თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები; თბილისში რეგისტრირებული მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე მოქალაქეთა შვილები.
ასევე, თბილისში რეგისტრირებული მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მქონე მოქალაქეთა შვილები; სამხედრო მოსამსახურეთა შვილები; დედმამიშვილები; ბაღების თანამშრომელთა შვილები. ელექტრონული რეგისტრაცია სამ ეტაპად თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე წარიმართება.
რაც შეეხება რეგისტრაციის მეორე ეტაპს, ის 13 ივლისს დაიწყება და 19 ივლისამდე გაგრძელდება. მესამე ეტაპი კი 20 ივლისს დაიწყება და ითვალისწინებს საყოველთაო რეგისტრაციას, რაც იმას ნიშნავს, რომ თბილისის საჯარო ბაღებში რეგისტრაციას შეძლებს 2-დან 6 წლამდე ასაკის ყველა ბავშვი, რეგისტრაციის ადგილის განურჩევლად.
სხვა სიახლეები
პროგრამის „ჩემი პირველი ნერგის“ ფარგლებში პირველკლასელებმა მეორე დღეს 2 933 ნერგი დარგეს
23.10.2026.17:42
საქართველოს მთავრობის ინიციატივით მიმდინარე პროგრამის „ჩემი პირველი ნერგის“ ფარგლებში, მეორე დღეს პირველკლასელებმა 2 933 ნერგი დარგეს.
გამწვანების ღონისძიებები ქედაში, შუახევში, ამბროლაურში, ონში, ცაგერში, კასპში, ბორჯომში, ახალციხეში, თიანეთსა და დუშეთში გაიმართა. პროგრამა ხის დარგვის საერთაშორისო დღეს დაიწყო და საქართველოს მასშტაბით 9 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. მასში 41 000-ზემეტი პირველკლასელი ჩაერთვება.
„ჩემი პირველი ნერგი“ საქართველოს მთავრობის ინიციატივაა, რომლის მიზანია ადრეული ასაკიდან გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და ბავშვებში ბუნებაზე ზრუნვის პასუხისმგებლობის ჩამოყალიბება.პროგრამის ფარგლებში თბილისსა და საქართველოს ათივე რეგიონში პირველკლასელები საკუთარ პირველ ნერგს დარგავენ.
ნერგების სახეობები რეგიონების კლიმატური პირობების გათვალისწინებით შეირჩა. მათ შორისაა ქართული მუხა, კავკასიური ცაცხვი, მინდვრის ნეკერჩხალი, კავკასიურიდა ელდარის ფიჭვი და სხვა სახეობები.თითოეული პირველკლასელისთვის გათვალისწინებულია ერთი ნერგი. ბავშვები უშუალოდ მონაწილეობენ დარგვის პროცესში, შემდგომ კი შესაძლებლობა ექნებათ, დააკვირდნენ საკუთარი ნერგის ზრდას და იზრუნონ მასზე.პროგრამის ფარგლებში შეიქმნა სპეციალური ელექტრონული პლატფორმა - cheminergi.eiec.gov.ge, სადაც ბავშვებს, მშობლებისა და მასწავლებლების დახმარებით, შეუძლიათ დარგული ნერგის შესახებ ინფორმაციის შეყვანა და ფოტოს ატვირთვა.
პლატფორმის საშუალებითშეიქმნება პროგრამის ფარგლებში დარგული ნერგების ერთიანი მონაცემთა ბაზა.პროგრამის განხორციელებაში ჩართულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მის სისტემაში შემავალი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია და სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციები მთელი ქვეყნის მასშტაბით.
ინფორმაციას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ავრცელებს.