თბილისის საერთაშორისო აეროპორტი გარკვეულწილად უკვე ყალიბდება ლოგისტიკურ ჰაბად, რაც შეეხება სამგზავრო მიმართულებით იგივეს განვითარებას, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ ეს შესაძლებლობა გაჩნდეს - ალექსანდრე გაჩეჩილაძე
ყოველი ახალი მიმართულება ქმნის ახალ შესაძლებლობას ტრანზიტული ნაკადების მოზიდვის თვალსაზრისით - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის მოადგილე ალექსანდრე გაჩეჩილაძე. მისი თქმით, შანხაი ერთ-ერთი უდიდესი ქალაქია საკმაოდ დიდი მოსახლეობით და ბუნებრივია, ეს არის დამატებითი შესაძლებლობა.
„ლოგისტიკურ ჰაბად გარკვეულწილად უკვე ყალიბდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტი. რაც შეეხება სამგზავრო მიმართულებით იგივეს განვითარებას, სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს, რომ ეს შესაძლებლობა გაჩნდეს. აკეთებს იმით, რომ აფორმებს სხვადასხვა ქვეყნებთან ლიბერალურ საავიაციო შეთანხმებებს, რომლის მიხედვითაც, როგორც ქართულ, ისე უცხო ქვეყნის კომპანიებს მარტივად შეუძლიათ ფრენების დაწყება შეუზღუდავად სხვადასხვა პუნქტებში, შეუზღუდავი სიხშირეებით. ამიტომ ჯერი უკვე არის ქართული კერძო ავიაკომპანიების კომერციულ სტრატეგიაზე და ხედვაზე, რამდენად გამოიყენებენ ისინი ამ შესაძლებლობას, იმიტომ რომ ამ რგოლში და ამ ჯაჭვში მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს ასევე ქართულმა ავიაკომპანიამ, რათა გამოიყენოს ის პოტენციალი, რომელიც შექმნილია საქართველოს აეროპორტების, კერძოდ თბილისის აეროპორტების სატრანზიტო ჰაბად ჩამოყალიბების კუთხით." - განაცხადა ალექსანდრე გაჩეჩილაძემ.
მისივე თქმით, ყოველ ახალ რეისს გააჩნია მრავალმხრივი ეკონომიკური ეფექტი.
„პირველ რიგში, ტურისტული ნაკადების მოზიდვის თვალსაზრისით, როდესაც იზრდება ქვეყანაში ტურისტული ნაკადი, ეს არის დამატებითი შემოსავალი ტურისტული კომპანიებისთვის, სარესტორნო და სასტუმრო ბიზნესისთვის. ყოველი ახალი ავიაკომპანია ეს ნიშნავს დამატებით შემოსავალს აეროპორტებისთვის, საჰაერო ნავიგაციისთვის, რომელიც საჰაერო მოძრაობის ორგანიზებას ახორციელებს, ნიშნავს დამატებით შემოსავალს საავიაციო საწვავ გამმართველი კომპანიებისთვის, საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების ორგანიზაციებისთვის და ყველა იმ ავიასაწარმოსთვის, რომელიც პირდაპირ ან ირიბად არის ჩართული საჰაერო ხომალდების მომსახურების ან გადაყვანა-გადაზიდვის უზრუნველყოფის პროცესებში" - აცხადებს გაჩეჩილაძე.
სხვა სიახლეები
გიორგი ფანგანმა ენერგეტიკის საკითხების შესახებ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
15.07.2026.16:14
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრმა, გიორგი ფანგანმა, ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს (CEER) მიწვევით, მონაწილეობა მიიღო ენერგეტიკის საკითხების შესახებ მაღალი დონის კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში - “აღმოსავლეთ პარტნიორობის პერსპექტივები და სამომავლო გეგმები”.
სიტყვით გამოსვლისას გიორგი ფანგანმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ენერგეტიკული სექტორის პრიორიტეტებზე, გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე. დეტალურად ისაუბრა რეგიონული თანამშრომლობის პერსპექტივებზე, ევროკავშირის ენერგეტიკულ მოთხოვნებთან შესაბამისობასა და საქართველოს ენერგეტიკული ჰაბის პოტენციალზე.
“საქართველოს, როგორც რეგიონული ენერგეტიკული ჰაბის განვითარება ეფუძნება მის უნიკალურ გეოგრაფიულ მდებარეობას, მეზობელ ქვეყნებთან არსებულ სტრატეგიულ ენერგეტიკულ კავშირებსა და საქართველოს განახლებადი ენერგიის მნიშვნელოვან პოტენციალს. ამ მიმართულებით, განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, რომელიც წარმოადგენს ახალ შესაძლებლობას საქართველოსთვის, გააძლიეროს საკუთარი როლი ევროპასა და კავკასიის რეგიონს შორის ენერგეტიკული თანამშრომლობის მიმართულებით. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის განვითარებას, ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას, განახლებადი ენერგიისა და საქართველოს ევროპულ ენერგეტიკულ სივრცესთან ინტეგრაციას. მარეგულირებელი კომისია, სემეკი აქტიურად არის ჩართული საქართველოს ენერგეტიკული სექტორის შესაძლებლობების განვითარებაში. სემეკის მიერ შემუშავებული ეფექტიანი რეგულაციები ხელს უწყობს ენერგეტიკული პროექტების წარმატებით განხორციელებას “, - აღნიშნა გიორგი ფანგანმა.
14-15 ივლისს საბერძნეთში, ქ.ათენში, ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს (CEER) ორგანიზებით ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სუფთა ენერგიაზე გადასვლისა და დაკავშირებადობის ხელშეწყობის შესახებ - EU4Energy III ფაზა ევროკავშირის პროექტის" ფარგლებში, მაღალი დონის კონფერენცია გაიმართა, სახელწოდებით ,,ენერგეტიკული მომავლის დაკავშირება: ინტერკონექტორები და განახლებადი ენერგიის ინტეგრაცია დაკავშირებადობის დღის წესრიგი“. კონფერენციაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ქვეყნის სამთავრობო და ენერგეტიკის სექტორში მოქმედი ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები.