თბილისის საკრებულოს დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ავსტრიაში იმყოფება
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების და კულტურის კომისიის თავმჯდომარე კახა ლაბუჩიძე და სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ლევან აბაშიძე სამუშაო ვიზიტით ავსტრიის რესპუბლიკის დედაქალაქ ვენაში იმყოფებიან.
ვიზიტის ფარგლებში, არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, მათ შორის ქალაქ ვენის საგანმანათლებლო კამპუსების გაერთიანების განყოფილების უფროსთან, ქალაქის მეორე რაიონის საგანმანათლებლო კამპუსისა და საბავშვო ბაღის ხელმძღვანელებთან, ქ. ვენის მერიის ევროპისა და საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელთან, ქალაქის სენატის მრჩეველთან, ვენის სამუსიკო სკოლების დირექტორთან, მუნიციპალიტეტის საბჭოს მრჩეველთან, სახელდების კომისიის თავმჯდომარესთან და ვენის მუზეუმის კომუნიკაციისა და ურთიერთობების ხელმძღვანელთან.
საკრებულოს წევრთა განცხადებით, ჩვენს ქვეყანაში არსებული მუნიციპალური პროგრამების გაძლიერებისათვის უცხოური გამოცდილების გაცნობა/გაზიარება წინ გადადგმული ნაბიჯი და არსებული გამოწვევების დაძლევის ეფექტიანი საშუალებაა.
საკრებულოს წევრები, ვიზიტის ფარგლებში, ასევე შეხვდნენ ავსტრიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ალექსანდრე მაისურაძეს. დელეგაციის წევრებმა კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტებზე, კულტურის სფეროში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს, ასევე წარმატებული რეფორმების მოდელების გაცვლასთან დაკავშირებით სამომავლო გეგმები დასახეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო სახელდების სფეროსაც, კერძოდ, მხარეებმა იმსჯელეს თბილისის ქუჩისთვის სახელის მინიჭების თაობაზე, ქართულ-ავსტრიული ურთიერთობის ჭრილში.
დელეგაციის წევრებმა ყურადღება გაამახვილეს ვიზიტის მნიშვნელობაზე ქვეყნებს შორის კულტურისა და განათლების სფეროში ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებისთვის. მადლობა გადაუხადეს საელჩოს წარმომადგენლებს და პირადად ელჩს, ალექსანდრე მაისურაძეს, ვიზიტის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.