თბილისის საკრებულოს წევრებმა და აპარატის თანამშრომლებმა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით გამართულ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა
6-7 ივლისს, ბორჯომში, გაეროს ქალთა ორგანიზაციის, (UN Women), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით ტრენინგი ჩატარდა, რომელშიც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა, საკრებულოს წევრებმა და აპარატის თანამშრომლებმა მიიღეს მონაწილეობა.
შეხვედრის მიზანი იყო, თბილისის საკრებულოს წევრებისთვის სექსუალური შევიწროების მარეგულირებელი საერთაშორისო სტანდარტების, ეროვნული კანონმდებლობის და პრევენციის მექანიზმების გაცნობა; სექსუალური შევიწროების თაობაზე მგრძნობელობისა და ცნობიერების გაზრდის ხელშეწყობა, საქმეთა შესწავლის პრინციპებისა და მეთოდების, ასევე მსხვერპლზე ორიენტირებული მიდგომის გაცნობა.
შეხვედრა თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა გახსნა. მან მადლობა გადაუხადა გაეროს გალთა ორგანიზაციას თანამშრომლობისთვის. თინათინ ნიბლოშვილის განცხადებით, ტრენინგმა საკრებულოს წევრებს, გენდერული თანასწორობის საბჭოს და საკრებულოს აპარატის თანამშრომლებს შესაძლებლობა მისცა სიღრმისეულად განეხილათ ისეთი თემები, როგორიცაა სექსუალური შევიწროების პრევენცია და რეაგირება.
ტრენინგს გაეროს ქალთა ორგანიზაციის ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულების ხელმძღვანელი ქეთევან შუბაშვილი უძღვებოდა. მან სექსუალური შევიწროების პრევენციის საკითხებზე, მუნიციპალიტეტებში სექსუალური შევიწროების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის დამტკიცების თაობაზე დოკუმენტის მიღებაზე ისაუბრა.
თბილისის საკრებულომ სექსუალური შევიწროების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის დამტკიცების თაობაზე დოკუმენტი 2024 წლის თებერვალში მიიღო, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივითა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით შეიქმნა.
19 საჯარო უწყებაში სექსუალური შევიწროების ფაქტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმები უკვე დამტკიცებულია. აღნიშნულ უწყებებს შორისაა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს პროკურატურა, საჯარო სამსახურის ბიურო, სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებელი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტრო.
სექსუალური შევიწროების პრევენციისა და მასზე რეაგირების შიდა მექანიზმი ითვალისწინებს პრევენციის ღონისძიებებს, რომლებსაც მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის/მუნიციპალიტეტის მერის მიერ შერჩეული სპეციალისტი/მრჩეველი ახორციელებს. მექანიზმი უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ორგანოებში სექსუალური შევიწროების შემთხვევების თავიდან აცილებას და სექსუალური შევიწროების აღმოფხვრის საკითხებზე თანამშრომლების ინფორმირებულობას.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.