თბილისის საკრებულოსა და ფარმაცევტულ კომპანია შპს „პსპ-ფარმას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
თბილისის საკრებულოსა და ფარმაცევტულ კომპანია შპს „პსპ-ფარმას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის საფუძველზეც თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეებისთვის, რომლებიც გამგეობას ან მერიას მედიკამენტების საჭიროების თაობაზე მიმართავენ, „პსპ-ფარმას“ ნებისმიერი აფთიაქიდან კვირის ნებისმიერ დღეს მედიკამენტები ფასდაკლების დღეებში არსებული ფასებით გაიცემა, - ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.
უწყების ცნობით, დოკუმენტს ხელი ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის ინიციატივით მოეწერა.
„ხელმოწერის ცერემონიალი დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში გაიმართა.
მემორანდუმს ხელი საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ, ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ბექა მიქაუტაძემ და ფარმაცევტული კომპანია შპს „პსპ-ფარმას“ სოციალური პროექტების მომსახურების სამსახურის უფროსმა გიორგი ტალიაშვილმა მოაწერეს.
ხელმოწერის ცერემონიალის შემდეგ დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ, ისაუბრა აღნიშნული შეთანხმების მნიშვნელობაზე, რომელიც მოქალაქეებისთვის მედიკამენტებზე შეღავათიანი ფასების ხელმისაწვდომობის გაზრდას ითვალისწინებს.
ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ბექა მიქაუტაძემ, გაფორმებულ დოკუმენტს მოქალაქეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი უწოდა და ფარმაცევტული კომპანიის გუნდს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
გაფორმებული დოკუმენტის საფუძველზე შპს „პსპ-ფარმა“ იღებს ვალდებულებას თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ქვეპროგრამების - „სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებებისა“ და თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონული გამგეობების „სხვა სოციალური (დახმარების) ღონისძიებები რაიონებში“ ფარგლებში, თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ბენეფიციარებისთვის მედიკამენტებზე (ფარმაცევტულ პროდუქციაზე) კალკულაციები გასცეს ფასდაკლების დღეებში არსებული ფასებით კვირის ნებისმიერ დღეს.
კერძოდ, როდესაც თბილისში რეგისტრირებული მოქალაქე გამგეობას ან მერიას მედიკამენტების საჭიროების შესახებ განცხადებით მიმართავს, მისთვის „პსპ-ფარმას“ ნებისმიერ აფთიაქში კვირის ნებისმიერ დღეს მედიკამენტი გაიცეს ფასდაკლების დღეებში არსებული ფასებით.
მემორანდუმი ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის დღიდან და 1 წლის ვადით არის ძალაში.
ხელმოწერის ცერემონიალს საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის წევრები ქეთევან ჭავჭანიძე და ოთარ ჩრდილელი ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები
ლონდონში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა
28.07.2026.14:00
დიდი ბრიტანეთის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის ზრდის ხელშეწყობის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის ,,Swirl Wine Group“ ორგანიზებით, ქართული ღვინის დეგუსტაცია სახელწოდებით „The New Natural“ ლონდონში გაიმართა.
ღონისძიებას კომპანია ,,Swirl Wine Group“-ის ხელმძღვანელი, ცნობილი ბრიტანელი ღვინის მაგისტრი სარა ებოტი უძღვებოდა.
ქართული ღვინო პროფესიულ აუდიტორიას ბრიტანელმა სომელიემ, რესტორატორმა და ბუნებრივი ღვინის ამბასადორი ჰანი სპენსერმა(Honey Spencer) წარუდგინა.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი 10 კომპანიის სხვადასხვა სახეობის ღვინოები.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური უზრუნველყოფით, 2026 წელს დიდ ბრიტანეთში ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანიას, კომპანია „Swirl Wine Group” უძღვება. კამპანიის ფარგლებში, დეგუსტაცია-სემინარები დიდი ბრიტანეთის სხვადასხვა ქალაქში იმართება; ქართული ღვინო წარმოდგენილია საერთაშორისო გამოფენებზე, ხორციელდება მიზნობრივი სარეკლამო და მედია კამპანიები.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში, საქართველოდან დიდ ბრიტანეთში ექსპორტირებულია 178 ათას ლიტრამდე ქართული ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 18%-ით აღემატება.
ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.