თბილისის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომაზე მემორიალური დაფების განთავსების საკითხი განიხილეს
თბილისის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომაზე
კომისიაში წარმოდგენილი წერილების საფუძველზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მიხეილ ქორიძის და მომღერალ ლევან კბილაშვილის საცხოვრებელ სახლებზე მემორიალური დაფების განთავსების საკითხის შესახებ იმსჯელეს.
როგორც კომისიის სხდომაზე აღინიშნა, მიხეილ ქორიძე აფხაზეთის ომში მოხალისედ იბრძოდა სპეცდანიშნულების რაზმში. ის ბზიფის ხეობაში შეტევის დროს სნაიპერის ტყვიით დაიღუპა. მიხეილ ქორიძე დაჯილდოებულია მედლით „მხედრული მამაცობისთვის“.
ქართული ხალხური ფოლკლორისა და საესტრადო მუსიკის შემსრულებელმა ლევან კბილაშვილმა საესტრადო კარიერა 6 წლიდან რობერტ ბარძიმაშვილის სტუდიაში დაიწყო.
მომღერალი მუშაობდა მსოფლიოში ცნობილ კომპოზიტორთან, გორან ბრეგოვიჩთან, რომელთან ერთადაც არაერთი კონცერტი აქვს ჩატარებული. 2021 წელს მისი ინიციატივით შეიქმნა მუსიკალური ჯგუფი „PanGeo – ლ. კბილაშვილი“, რომელიც დაეფუძნა ქართულ ეთნომუსიკას.
კახაბერ ლაბუჩიძის განცხადებით, განათლების და კულტურის კომისია აქტიურად არის ჩართული დედაქალაქში მემორიალური დაფების განთავსების საკითხის განხილვაში.
„დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს კოორდინირებული თანამშრომლობით უმოკლეს პერიოდში არაერთი დამსახურებული პიროვნების პატივსადებად მემორიალური დაფა განთავსდა. აღსანიშნავია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 25 აგვისტოს №426 განკარგულებით, ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, თიანეთის გზატკეცილის მონაკვეთს მომღერლის, ლევან კბილაშვილის, სახელი მიენიჭა. კომისიის დღევანდელ სხდომაზე კი მომღერლის საცხოვრებელ სახლზე მემორიალური დაფის განთავსების საკითხსაც განვიხილავთ“, - განაცხადა კახაბერ ლაბუჩიძემ.
კომისიის წევრებმა მიხეილ ქორიძის და ლევან კბილაშვილის მემორიალური დაფების განთავსების საკითხი მოიწონეს და საკითხი განსახილველად ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაშიშექმნილ სპეციალურ კომისიას გადაეგზავნება.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.