თბილისის საკრებულოში ინკლუზიური თეატრის „კონტაქტი“ ღონისძიება გაიმართა
თბილისის საკრებულომ ინკლუზიურ თეატრს „კონტაქტი“ უმასპინძლა. დასის წევრებმა თეატრალური წარმოდგენა გამართეს. ღონისძიება თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით გაიმართა. დამსწრე საზოგადოებას თეატრის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია ინკლუზიურ თეატრის ხელმძღვანელმა გიორგი მიქაბერიძემ მიაწოდა. ღონისძიებას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, თბილისის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე, საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა, საქართველოს პარლამენტის განათლებისა, მეცნიერების და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე, საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე შალვა სუთიაშვილი, საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საკრებულოს წევრები და თბილისის მერიის წარმომადგენლები, ასევე მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.
როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, „კონტაქტი“ არ არის მხოლოდ თეატრი, ეს არის სივრცე, სადაც განსხვავებულობა ძალად იქცევა.
„ჩვენთვის განსაკუთრებული პატივია, რომ თბილისის საკრებულო მასპინძლობს ინკლუზიურ თეატრს, რომელმაც დაამტკიცა, რომ ხელოვნებას არ აქვს ბარიერები და ნამდვილი შემოქმედება ყველას აერთიანებს. „კონტაქტი“ არ არის მხოლოდ თეატრი. ეს არის სივრცე, სადაც განსხვავებულობა ძალად იქცევა. მსახიობების ერთიანობა, უნიკალური სპექტაკლები, საერთაშორისო აღიარება და მნიშვნელოვანი წარმატებები ნათლად აჩვენებს, თუ რამდენად დიდი პოტენციალია ადამიანებში, როდესაც მათ თანაბარი შესაძლებლობები ეძლევათ. თბილისის საკრებულო მომავალშიც გააგრძელებს ისეთი ინიციატივების მხარდაჭერას, რომლებიც ემსახურება ადამიანების ინტეგრაციას, თანასწორობასა და კულტურული ცხოვრების ხელმისაწვდომობას“ - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარის შალვა სუთიაშვილის განცხადებით, ამ ღონისძიების მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ყველას ექნება თანაბარი შესაძლებლობა მონაწილეობისთვის, თვითგამოხატვისთვის და განვითარებისთვის.
„განსაკუთრებით მიხარია, რომ თბილისის საკრებულოს აქტიური მხარდაჭერით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იდგმება კეთილ საქმეში. დღევანდელი პერფორმანსი, დასის წევრთა ნამუშევრების გამოფენა და მინი-სპექტაკლი, რომელმაც თითოეული ჩვენგანი ემოციურად დამუხტა— არ არის მხოლოდ წარმოდგენა. ეს არის გზავნილი საზოგადოებისთვის. ჩვენი მთავარი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ყველას ექნება თანაბარი შესაძლებლობა მონაწილეობისთვის, თვითგამოხატვისთვის და განვითარებისთვის. მჯერა, რომ დღევანდელი ღონისძიება კიდევ უფრო გააძლიერებს საზოგადოებრივ ცნობიერებას, ხელს შეუწყობს ინკლუზიური ღირებულებების დამკვიდრებას და მოგვცემს მოტივაციას, ერთად გავაგრძელოთ გზა, სადაც თითოეული ადამიანი ფასეულია, მიღებულია და მხარდაჭერილია“- განაცხადა შალვა სუთიაშვილმა.
ღონისძიების მიზანია განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანების ინტეგრაციისა და სოციალიზაციის ხელშეწყობა, მათში შემოქმედებითი და პროფესიული უნარების განვითარება/წარმოჩენა და მათი კულტურულ ცხოვრებაში ჩართვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა. საკრებულოს თამარ მეფის დარბაზში, პროფესიონალი მხატვრების მიერ შექმნილი ფერწერული, გრაფიკული და ფოტოგრაფიული ნამუშევრები გამოიფინა.
ინკლუზიური თეატრი „კონტაქტი“ 2013 წლიდან წარმატებით საქმიანობს. დასში გაერთიანებული არიან დრამისა და პანტომიმის პროფესიონალი და აგრეთვე სპეციალური საჭიროების მქონე მსახიობები. თეატრის რეპერტუარში ამ ეტაპზე 10 საავტორო სპექტაკლია, მათ შორის პეკინის დრამატულ ფესტივალზე წარმოდგენილი ნამუშევარი, რომელმაც თეატრს პირველი საერთაშორისო წარმატება მოუტანა.
2022 წელს თეატრის მთავარ რეჟისორს მიენიჭა ღირსების მედალი ინკლუზიური თეატრალური ხელოვნების განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების თვითრეალიზაციის ხელშეწყობისთვის.
2025 წელს „კონტაქტი“ გახდა მსოფლიოში ერთადერთი ინკლუზიური თეატრი, რომელიც გაწევრიანდა გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (იუნესკო) საერთაშორისო თეატრალურ ინსტიტუტში ITI.
სხვა სიახლეები
მთის ტრასების სააგენტოს ციფრული მიმართულებით ბევრი სიახლე აქვს. ვიწყებთ ჩვენი ვებგვერდის განახლებით, აქტიურად ვმუშაობთ აპლიკაციის შექმნაზეც - პლატფორმაზე მოთხილამურისა და დამსვენებლისთვის ყველანაირი ინფორმაცია იქნება თავმოყრილი | ლევან დარსალია
11.09.2026.21:57
„ციფრული მიმართულებით ბევრი სიახლე გვაქვს. ვიწყებთ ჩვენი ვებგვერდის განახლებით, რომელიც ძალიან მალე სატესტო რეჟიმში ჩაეშვება. ამ პლატფორმაზე მოთხილამურისა და დამსვენებლისთვის იქნება მიწოდებული ყველანაირი ინფორმაცია, მათ შორის წარმოდგენილი იქნება მთის ინტერაქციული რუკები, სადაც პოტენციური დამსვენებელი შეძლებს ნახოს, თუ რომელი ტრასა და საბაგირო არის გახსნილი, რა სიგრძისა და სირთულისაა ტრასები - მიიღოს ყველანაირი დეტალური ინფორმაცია. მათ შორის, ე.წ ლაივკამერებით შეძლებს კურორტისთვის თვალყურის დევნებას. ეს ვებგვერდი უკვე მუშავდება და სეზონის დაწყებამდე სატესტო რეჟიმში გაეშვება“, - განაცხადა მთის ტრასების სააგენტოს (MTA) დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან დარსალიამ.
მისივე თქმით, „ემ თი ეი“-მ წელს გუდაურში დამწყები მოთხილამურეებისთვის სასრიალო არეალის განვითარება გადაწყვიტა. 2026-2027 წლის ზამთრის სეზონისთვის ორი ახალი, ბიგელის ტიპის საბაგირო - ჯამური სიგრძით 1 400 მეტრი - და 200-მეტრიანი მოძრავი ხალიჩა მონტაჟდება.
„ანალიზის შედეგად დავადგინეთ, რომ ჩვენი ვიზიტორების 35-დან 40 პროცენტამდე დამწყებია და, შესაბამისად, არეალის მოწყობა გვინდა ზუსტად დამწყები მოთხილამურეებისთვის, ასევე ჩვენი ტურისტული პოტენციალისა და ადგილობრივი მომხმარებლების ბაზის გასაზრდელად. სამუშაოები უკვე მიმდინარეობს“, - განაცხადა ლევან დარსალიამ.
ლევან დარსალიას თქმით, „ემ თი ეი“ წელს ამატებს ონლაინ გადახდის ფუნქციას. ახალი პლატფორმების საშუალებით დამსვენებლებს შესაძლებლობა ექნებათ, აბონემენტები მთის ტრასების სააგენტოს ვებ-გვერდიდან შეიძინონ.
„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ აპლიკაციის შექმნაზეც და მისი მეშვეობით გვინდა, რომ მომავალი სეზონისთვის დავნერგოთ ციფრული აბონემენტის პროდუქტი. შესაბამისად, „ემ თი ეი“-ს ამ აპლიკაციის მეშვეობით დამსვენებელს შესაძლებლობა ექნება, სერვისები, რომლებიც ვებგვერდზეა, ბევრად უფრო მოხერხებულად გამოიყენოს. ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ხელოვნური ინტელექტის დანერგვაზე, არა მხოლოდ სერვისების გაუმჯობესებისთვის, არამედ ჩვენი საოპერაციო ეფექტურობის მისაღწევად“, - განაცხადა ლევან დარსალიამ.