თბილისის საკრებულოში საფოსტო მარკის „ტფილისის ქალაქისთავი დიმიტრი ყიფიანი 150 წელი“ პრეზენტაცია გაიმართა
თბილისის საკრებულოში, დიდი ქართველი მოღვაწის, დიმიტრი ყიფიანის ქალაქისთავად არჩევის 150 წლისთავისადმი მიძღვნილი საფოსტო მარკის - „ტფილისის ქალაქისთავი - დიმიტრი ყიფიანი 150 წელი“ პრეზენტაცია გაიმართა. საფოსტო მარკა თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის ინიციატივით და შპს საქართველოს ფოსტის ორგანიზებით გამოიცა.
საიუბილეო საფოსტო მარკაზე გამოსახულია დიმიტრი ყიფიანის პორტრეტი და საკრებულოს სხდომათა დარბაზი, მარკის მცირე ფურცელზე კი ასახულია თბილისის საკრებულოს შენობა და დიმიტრი ყიფიანის ხელმოწერა.
ღონისძიება თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ზურაბ აბაშიძემ გახსნა. სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ კახა ლაბუჩიძემ, საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ერაძემ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ, ენის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა თამაზ ჯოლოგუამ და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტმა მარიკა დარჩიამ.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ დიმიტრი ყიფიანის ღვაწლზე და საფოსტო მარკის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„დიდი პატივია, რომ დღეს თბილისის საკრებულო მასპინძლობს ისეთ მნიშვნელოვან ღონისძიებას, როგორიცაა ეროვნული მოღვაწის - დიმიტრი ყიფიანის ქალაქისთავად არჩევის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი საფოსტო მარკის პრეზენტაცია. დიმიტრი ყიფიანს უდიდესი წვლილი მიუძღვის მე-19 საუკუნის საქართველოში ეროვნული თვითშეგნების განმტკიცებასა და განსაკუთრებით თბილისის თვითმმართველობის როლის გაძლიერებაში. მისი ცხოვრება და მოწამეობრივი აღსასრული ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებისთვის უკომპრომისო ბრძოლის, სამშობლოსთვის თავდადების მაგალითია და ეს საფოსტო მარკა კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ მისი ღვაწლი და სახელი უკვდავია.
მადლობა თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარეს კახა ლაბუჩიძეს ამ ინიციატივისთვის და მადლობა ეკონომიკის სამინისტროსა და საქართველოს ფოსტას ამ იდეის ხორცშესხმისთვის. მინდა, ყველას მოგილოცოთ ეს ისტორიული მოვლენა“- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
სიტყვით გამოსვლისას საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ კახა ლაბუჩიძემ აღნიშნა, რომ 2025 წელს სრულდება 150 წელი იმ მნიშვნელოვანი მოვლენიდან, როდესაც ქალაქ თბილისის თავად არჩეულ იქნა მე-19 საუკუნის გამოჩენილი ქართველი მოღვაწე, მწერალი, მთარგმნელი, დრამატურგი, საზოგადო და პოლიტიკური ქველმოქმედი, წმინდანად შერაცხული დიმიტრი ყიფიანი.
„მარკა არის მეხსიერების მატარებელი , მცირე ფორმატში გადმოცემული დიდი ისტორია. მისი შექმნა არა მხოლოდ ჩვენი ისტორიული მემკვიდრეობისადმი პატივისცემის გამოვლინებაა, არამედ საერთაშორისო დონეზე საქართველოს კულტურული იდენტობის პოპულარიზაციის მნიშვნელოვანი ნაბიჯიც. დიმიტრი ყიფიანის მარკა ფართო საზოგადოებას გააცნობს საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ და კულტურულ ფიგურას, ქალაქ თბილისის არჩეულ თავს,“ - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.
ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ერაძემ საზეიმოდ გადასცა მარკის პირველი ეგზემპლარები თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს ზურაბ აბაშიძეს და თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარეს კახა ლაბუჩიძეს.
საკრებულოს თამარ მეფის დარბაზი 2015 წლიდან დიმიტრი ყიფიანის სახელს ატარებს. დარბაზში განთავსებულია მისი ბიუსტი, ასევე თბილისის საკრებულოში ფუნქციონირებს დიმიტრი ყიფიანის სახელობის საგამოფენო სივრცე.
საფოსტო მარკა მიმოქცევაშია 2025 წლის 23 ოქტომბრიდან და ხელმისაწვდომია საქართველოს ფოსტის სერვისცენტრებში საქართველოს მასშტაბით. ახლა უკვე საფოსტო გზავნილების მიმოცვლა შესაძლებელია აღნიშნული მარკით. მარკის დიზაინერია ბადრი გაგნიძე, ხოლო, საფოსტო მარკის ტირაჟია 20.000 ერთეული.
დიმიტრი ყიფიანისადმი მიძღვნილი მარკის გამოშვება მიზნად ისახავს ეროვნული, კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციასა და ქართული ისტორიის საერთაშორისო მასშტაბით წარმოჩენას.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.