თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავტობუსის ქალი მძღოლის კურსებზე მიღებას იწყებს
შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით, აცხადებს მოწვევას ავტობუსის ქალი მძღოლის მოკლევადიან მოსამზადებელ კურსზე. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
კურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ქალებს, რომელთაც სურვილი აქვთ, ავტობუსის მძღოლის პროფესიას დაეუფლონ.
კურსის განმავლობაში, მონაწილეები გაივლიან თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას. თეორიული კურსი მოიცავს, როგორც ავტობუსის მართვის, საგზაო მოძრაობის წესებისა და უსაფრთხოების ინსტრუქციების, ასევე, შესაბამისი საკანონმდებლო აქტებისა თუ მგზავრებთან კომუნიკაციის საკითხებს. პრაქტიკული სწავლების დროს კი, მონაწილეები გაივლიან ავტობუსის მართვისა და მანევრირების გაკვეთილებს.
გარდა ამისა, კურსის ფარგლებში, მონაწილეები შეისწავლიან პირველადი სამედიცინო დახმარების საფუძვლებს და წარმატებით დასრულების შემთხვევაში, შესაბამის სერტიფიკატს მიიღებენ. სწავლების დასრულების შემდეგ, მონაწილეები ავტობუსის მძღოლის D კატეგორიის მართვის მოწმობისთვის დადგენილ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდებს გაივლიან. გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, D კატეგორიის მართვის მოწმობის მქონე ქალებს შეეძლებათ დასაქმდნენ ავტობუსის მძღოლად, როგორც კერძო, ასევე, საჯარო სატრანსპორტო კომპანიებში.
გადამზადების კურსი უფასოა ყველა მსურველისთვის, რომლის ფარგლებშიც, ასევე, დაფინანსდება გამოცდაზე გასვლის ღირებულება.
სწავლება ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება და მისი დაწყების სავარაუდო თარიღი 2023 წლის პირველი მაისია.
მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა ქალს, ვინც აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:
არის საქართველოს მოქალაქე;
არის სულ მცირე 24 წლის;
აქვს B კატეგორიის მართვის მოწმობა;
აქვს მსუბუქი ავტომობილის მართვის სულ მცირე 3-წლიანი გამოცდილება;
არ აქვს მნიშვნელოვანი საგზაო დარღვევები (ავარიები, ავტომობილის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვა და სხვა); მზადაა, ბოლომდე გაიაროს გადამზადების კურსი და ჩააბაროს მართვის მოწმობის შესაბამისი საკვალიფიკაციო გამოცდა;
დაინტერესებულმა პირებმა დღეიდან 20 მარტამდე, უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია: - CV / რეზიუმე; - პირადობის მოწმობის ასლი; - მართვის მოწმობის ასლი; დოკუმენტები უნდა გაიგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ZAsatiani@metro.ge; SBaqradze@metro.ge; KLomjaria@metro.ge.
სათაურში მითითებული უნდა იყოს „ქალი ავტობუსის მძღოლის მოსამზადებელი კურსი“. დაინტერესებული პირების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვის შემდეგ, შერჩეული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას და მსუბუქი ავტომობილით ქალაქში მართვის შემოწმებას, რის შემდეგაც, ავტობუსის მძღოლის მოკლევადიან მოსამზადებელ კურსში მონაწილეობისთვის შეირჩევა 25 ქალი. პირებს, რომლებიც წარმატებით გაივლიან აღნიშნულ კურსს, შესაძლებლობა ექნებათ, ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ დასაქმდნენ.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.