თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა
საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის გაფორმდა სასესხო შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს 250 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფას თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის განვითარების ბანკის (ADB) საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა, ლესლი ბეარმან ლაჰმმა.
პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია თბილისის შემოვლითი გზის, დაახლოებით, 18.9 კილომეტრიანი, ოთხზოლიანი, გამყოფი ზოლით აღჭურვილი საავტომობილო გზის მონაკვეთის მშენებლობა. კერძოდ, დაფინანსება მოხმარდება თბილისის შემოვლითი გზის ორ მონაკვეთს: ლოტი 4-ს (თბილისის აეროპორტი–ლოჭინი) და ლოტი 5-ს (ლოჭინი–რუსთავი).
აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვანია ქვეყნის სატრანსპორტო ქსელის განვითარებისთვის. ახალი მაგისტრალი განტვირთავს დედაქალაქში მოძრაობას, გააუმჯობესებს სატრანზიტო ნაკადების უსაფრთხოებას, ხელს შეუწყობს ქვეყნის სატრანსპორტო დერეფნების გამტარუნარიანობის გაზრდას.
ხელმოწერის ცერემონიას დაესწრნენ ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლევან დარახველიძე, ფინანსთა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებისა და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლები.
პროექტს განახორციელებს საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მეშვეობით.
სხვა სიახლეები
მზის პანელების შეძენისა და მონტაჟის მოტივით 40 000 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალი წარუდგინა
13.11.2026.16:35
თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა იმ მოტივით, რომ შეიძენდა და დაამონტაჟებდა მზის პანელებს, დაზარალებულებს 40 000 ლარი ჩაარიცხინა, რომელიც მიისაკუთრა და ქვეყნის ფარგლები დატოვა.
ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით) დაუსწრებლად წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს უკვე მიმართა.