თბილისის ტრამვაის ტენდერში თურქეთში რეგისტრირებულმა ერთობლივმა საწარმო EYE-მ გაიმარჯვა
ტრამვაის ხაზის პროექტირებისა და მშენებლობის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში თურქეთში რეგისტრირებულმა ერთობლივმა საწარმო EYE-მ (EmreRay + Yüksel + Erk) გაიმარჯვა.
როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნულმა საწარმომ ყველაზე დაბალი ფასი წარმოადგინა.
„ჩვენ გვქონდა წინასაარჩევნო დაპირება ისეთი ისტორიული პროექტის განხორციელებაზე, როგორიცაა ტრამვაის ხაზი. დიდი დიღმიდან მეტროსადგურ „დიდუბესთან“ დამაკავშირებელი ტრამვაის ხაზის პროექტირებისა და მშენებლობის მიზნით, აზიის განვითარების ბანკის (ADB-ის) შესყიდვის წესებით გამოცხადებული ტენდერი, მიმდინარე წლის 31 მარტს გაიხსნა. ტენდერში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა და შესაბამისი წინადადებები წარმოადგინა ოთხმა მსხვილმა კომპანიამ და ერთობლივმა საწარმომ, მათ შორის, სამი თურქეთში, ხოლო ერთი ჩინეთშია რეგისტრირებული.წარმოდგენილი წინადადებების შეფასება დასრულებულია და გვყავს გამარჯვებული კომპანია, თურქეთში რეგისტრირებული ერთობლივი საწარმო EYE (EmreRay + Yüksel + Erk), რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი წარმოადგინა. ADB-ის შესყიდვის წესების შესაბამისად განისაზღვრა ე.წ. გასაჩივრების 14-დღიანი პერიოდი,რომლის გასვლის შემდეგაც გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, როგორც მერმა აღნიშნა, პროექტი შედგება სამი ეტაპისგან: კონცეპტუალური პროექტის მომზადება,დეტალური პროექტის მომზადება და სამშენებლო სამუშაოები. სამივე ეტაპის ვადა 36 თვეა, ყველა თანმდევი პროცედურის გათვალისწინებით კი, პროექტის დასრულება დაგეგმილია შემდგომი ოთხი წლის განმავლობაში.
„რაც შეეხება ტრამვაის ხაზს, იგი დაიწყება დიდი დიღმის მე-3და მე-4 მიკრორაიონების შერწყმის მიმდებარე ტერიტორიიდან და დავით აღმაშენებლის ხეივნისა და დიღმის მასივის გავლით, დაუკავშირდება მეტროსადგურ„დიდუბის“ მიმდებარე ტერიტორიას; ტრამვაის ხაზის საორიენტაციო სიგრძე შეადგენს 7.5 კმ-ს, სადაც 11 გაჩერება განთავსდება. პროექტი ასევე მოიცავს შესაბამისი დეპოს მოწყობას, რომელიც გათვლილი იქნება 11 ერთეული ტრამვაის შემადგენლობის მომსახურება-ექსპლუატაციაზე. ხაზის მშენებლობის პარალელურად, გამოცხადდება ცალკე ტენდერი ტრამვაის 10 ერთეული შემადგენლობის შესყიდვაზე“, - განაცხადა მერმა.
სხვა სიახლეები
რამდენიმე დღეში თბილისის მერი ჩინეთში გაემგზავრება, სადაც პირველი მატარებლის ხუთი ვაგონის პრეზენტაცია გაიმართება - ვაგონები უკვე დამზადებულია და უახლოეს მომავალში ჩვენს დედაქალაქში გამოიგზავნება | თბილისის ვიცე-მერი
25.09.2026.11:46
რამდენიმე დღეში თბილისის მერი ჩინეთში გაემგზავრება, სადაც პირველი მატარებლის ხუთი ვაგონის პრეზენტაცია გაიმართება - ვაგონები უკვე დამზადებულია და უახლოეს მომავალში ჩვენს დედაქალაქში გამოიგზავნება, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას თბილისის ვიცე-მერმა, გიორგი ტყემალაძემ განაცხადა.
„სატრანსპორტო პოლიტიკა ჩვენთვის არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი და აქტუალურია დღეს ჩვენს მოსახლეობაში. დამეთანხმებით, და ის, რომ ტრამვაი ბრუნდება დედაქალაქში, ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე.
ტრამვაის ხაზი, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ და რომლის სატენდერო ყველა პროცედურა არის გავლილი, ჩვენ უკვე გვყავს გამარჯვებული კომპანია - საკმაოდ გამოცდილი და წარმატებული. იცით, რომ ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია. გაფორმდა რამდენიმე კვირის წინ და, შეიძლება ითქვას, რომ უკვე დაიწყო ათვლა იმ პერიოდის, რა პერიოდშიც უკვე კონკრეტულად უნდა დაიწყოს სამშენებლო სამუშაოები.
გეტყვით, რომ სამი თვე არის და სამ თვეში იქნება მომზადებული, კონცეპტუალური პროექტირება დასრულებული. შემდგომ არის ექვსი თვე იმისთვის, რომ იქნეს დეტალური პროექტირება განხორციელებული და შემდგომ, უკვე 9 თვის თავზე, ჩვენ შეგვეძლება დავიწყოთ კონკრეტული სამუშაოები.
საერთო ჯამში, ეს არის 36 თვე და ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ უკვე შესაძლებლობა გვექნება, რომ დედაქალაქში ვისარგებლოთ ახალი ტრამვაის ხაზით.
რაც შეეხება კონკრეტულად ხაზს, როგორც მოგეხსენებათ, ეს არის დიდი დიღმიდან დიდუბის მეტრომდე. დამეთანხმებით, რომ ეს არის ნამდვილად ერთ-ერთი მნიშვნელოვნად გადატვირთული სატრანსპორტო კვანძი. მისი ნაკადების მართვა არის ძალიან მნიშვნელოვანი.
დიდი დიღომი არის ერთ-ერთი, ყველაზე უფრო, შეიძლება ითქვას, საძილე უბანი, რომლის მოსახლეობის დიდი ნაწილი ყოველდღე უკავშირდება სხვადასხვა თბილისის რაიონებს და ბრუნდება უკან. ეს ნაკადები არის ძალიან მნიშვნელოვანი და ტრამვაის ხაზი და ამ ხაზის დაპრიორიტეტება ნამდვილად იყო მნიშვნელოვანი ანალიზის და ნაკადების მართვის მხრივ გადაწყვეტილება მიღებული.
და, როგორც მოგეხსენებათ, დიდუბის მეტრო და ეს ტერიტორია არის ერთ-ერთი, გარკვეულწილად, ჰაბი სატრანსპორტო ჩვენს ქალაქში. და აი, ზუსტად ეს ხაზი არის 7.5 კილომეტრი, რომელიც მნიშვნელოვნად, ვფიქრობთ, რომ განტვირთავს.
აქვე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს არ იქნება ბოლო პროექტი ტრამვაის ჩვენს დედაქალაქში და მომავალში აუცილებლად ამ მიმართულებით განვავითარებთ.
და, ზოგადად, მინდა, რომ რამდენიმე სიტყვით ზოგადად სატრანსპორტო პოლიტიკასაც შევეხო. მეტრო ერთ-ერთი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია და, როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ შევიძინეთ და უკვე მიმდინარეობს, ხელშეკრულება გაფორმებულია და სულ რამდენიმე დღეში თბილისის მერი უკვე ჩინეთში გაემგზავრება, სადაც იქნება პირველი მატარებლის ხუთი ვაგონის პრეზენტაცია, რომელიც უკვე არის დამზადებული და რომელიც უკვე უახლოეს მომავალში გამოიგზავნება ჩვენს დედაქალაქში.
საერთო ჯამში, 111 მეტროს ახალი ვაგონზე არის საუბარი, 25 მატარებელზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, გამომდინარე იქედან, რომ თქვენ იცით, რომ ჩვენი არსებული ვაგონები დღეს, გარკვეულწილად, რაღაც პერიოდის შემდგომ უკვე ექსპლუატაციის ვადებთან ბოლოსკენ არის და განახლების საჭიროებაა.
მიუხედავად იმისა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩვენ ჩავატარეთ, და ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მეტროს სერვისს და გამტარუნარიანობას.
გამომდინარე იქედან, რომ ჩვენ ვხედავთ იმ დინამიკას და ჩვენ ამისთვისაც ძალიან ბევრს ვმუშაობთ, რომ გაიზარდოს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარება და რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ისარგებლოს ყოველდღიურად საზოგადოებრივი ტრანსპორტით, იმისათვის, რომ ნაკლები მანქანა იყოს და ნაკლები საცობები გვქონდეს ჩვენს დედაქალაქში.
აქვე ავტობუსებზე ვიტყვი - მუდმივი ჩანაცვლება. იცით, რომ 1000-ზე მეტი ახალი ავტობუსი ჩვენ უკვე გვყავს და უახლოეს მომავალში ჩვენ ასევე დავაანონსებთ დამატებით 200 ავტობუსს.
და ინფრასტრუქტურა, რომელიც აბსოლუტურად ახლებურად მიმდინარეობს მისი დაგეგმარება, რომელიც თანაბრად არის გადანაწილებული, როგორც ფეხით მოსიარულეზე, როგორც საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, ასევე კერძო ავტომობილებზე.
თქვენ გახსოვთ, რომ ეს პრიორიტეტები აბსოლუტურად სხვანაირად იყო ჩვენს ქალაქში“, - აცხადებს გიორგი ტყემალაძე.