„თბილისობა“ წელს 3 და 4 ოქტომბერს ქალაქის ხუთ ლოკაციაზე აღინიშნება
„თბილისობა“ წელს 3 და 4 ოქტომბერს, ყველაზე მასშტაბურად, ქალაქის ხუთ ლოკაციაზე აღინიშნება, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
მისივე განმარტებით, რიყის პარკსა და ორბელიანის მოედანთან ერთად, ვიზიტორებს გუდიაშვილის მოედანი, ლეღვთახევი, ევროპის მოედანი და მეტეხის ხიდი უმასპინძლებს.
„ლოკაციებზე მისულ სტუმრებს მრავალფეროვანი კულტურული, გასართობი, შემეცნებითი და სანახაობრივი აქტივობები დახვდებათ. ღონისძიების ტერიტორიაზე ტრადიციულად განთავსდება სადღესასწაულო დეკორაციები და ინსტალაციები, ფოტოზონები, მოსასვენებელი სივრცეები და ღია კინოთეატრი. მოეწყობა სამეწარმეო და გასტრონომიული ზონები, სადაც წარმოდგენილი იქნება ქართული და უცხოური სამზარეულო, კულინარიული ზონები და მასტერკლასები, სწრაფი კვების ობიექტები, ტრადიციული ნუგბარის, თაფლისა და ღვინის გამოფენა-გაყიდვა-დეგუსტაციები და თანამედროვე კონდიტერია“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება 4 ოქტომბერს, 20:00 საათზე,რომელიც პირდაპირი ეთერით გადაიცემა.
„დღის განმავლობაში, ყველა ლოკაციაზე გაიმართება საბავშვო კონცერტები, გასართობი და სპორტული აქტივობები. ორივე დღის პროგრამა მუსიკალური საღამოებით და თეატრალიზებული წარმოდგენებით დასრულდება. სრული პროგრამა დეტალური აღწერილობით შეგიძლიათ, იხილოთ თბილისის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
სხვა სიახლეები
ევროკავშირის ენერგეტიკულ კანონმდებლობასთან წესებისა და რეგულაციების ჰარმონიზაცია საქართველოსთვის არის შესაძლებლობა, შევქმნათ უფრო თანამედროვე, გამჭვირვალე და პროგნოზირებადი ენერგეტიკული ბაზარი - ინგა ფხალაძე
22.09.2026.15:04
„ჩვენი სურვილია, საქართველო ჩამოყალიბდეს რეგიონულ მწვანე ენერგეტიკულ სატრანზიტო და საექსპორტო ჰაბად, რაშიც, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული როლი ენიჭება რეგიონულ თანამშრომლობასაც", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძემ.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ენერგეტიკის რეგულირების შესახებ მე-9 მსოფლიო ფორუმის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა, სადაც მსხვილ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გააკეთა აქცენტი, მათ შორის შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის და სხვა მწვანე ენერგეტიკული დერეფნების განვითარების პროექტებზე.
„ისინი ჩვენთვის მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტები არ არის, ეს არის პირდაპირი შესაძლებლობა, საქართველომ უფრო აქტიური როლი შეასრულოს არა მხოლოდ რეგიონული, არამედ ევროპული და საერთაშორისო ენერგეტიკული კავშირების გაძლიერებაში. ამ მიზნის მისაღწევად კი, ინფრასტრუქტურასთან ერთად, რა თქმა უნდა, გვჭირდება საერთო ხედვა, თავსებადი რეგულაციები და მარეგულირებელ ორგანოებს შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობა", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
ინგა ფხალაძის თქმით, ევროკავშირის ენერგეტიკულ კანონმდებლობასთან წესებისა და რეგულაციების ჰარმონიზაცია საქართველოსთვის მხოლოდ საკანონმდებლო ვალდებულებების შესრულება არ არის.
„ეს არის შესაძლებლობა, შევქმნათ უფრო თანამედროვე, გამჭვირვალე და პროგნოზირებადი ენერგეტიკული ბაზარი, გავაძლიეროთ მომხმარებელთა უფლებები, წავახალისოთ ინვესტიციები და საქართველოს ენერგეტიკული სისტემა მოვამზადოთ უფრო ფართო ევროპულ სივრცესთან დასაკავშირებლად. ამ გზაზეც მარეგულირებლის როლი განსაკუთრებულია და დღევანდელი ფორუმის საქართველოში ჩატარებაც, გარკვეულწილად, სწორედ ჩვენი მზაობის გამოხატულებაა, რომ საქართველო იყოს არა მხოლოდ ენერგეტიკული ტრანსფორმაციის რიგითი მონაწილე, არამედ ამ პროცესის აქტიური და მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.