თბილისსა და პეკინს შორის რეგულარული პირდაპირი ავიამიმოსვლა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ხელშესახები შედეგია - თამარ იოსელიანი
„საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დედაქალაქებს შორის 2 დეკემბრიდან რეგულარული პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყება ხელს შეუწყობს როგორც ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას, ისე ტურისტული ნაკადების მოზიდვას საქართველოში", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა.
მინისტრის მოადგილე ხაზს უსვამს, რომ უმსხვილესი ჩინური ავიაკომპანია Air China-ს მიერ თბილისსა და პეკინს შორის რეგულარული პირდაპირი ფრენების დაწყება რამდენიმე ხნის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ხელშესახები შედეგია.
„უნდა აღინიშნოს, რომ ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს ჩინეთის სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციასთან „საჰაერო აბრეშუმის გზის" ერთობლივი განვითარების შესახებ. ეს ცალსახად ხელს უწყობს საქართველოსა და ჩინეთის სამოქალაქო ავიაციის დარგების დაახლოებას, რასაც ავიაკომპანია Air China-ს მიერ ქვეყნებს შორის რეგულარული პირდაპირი ფრენების დაწყებაც ადასტურებს", - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
პეკინსა და თბილისს შორის ავიაკომპანია Air China-ს მიერ რეგულარული პირდაპირი ფრენები 2 დეკემბრიდან, კვირაში ორი სიხშირით - ყოველ სამშაბათს და შაბათს შესრულდება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას ოპერირების ნებართვა დღეს მიანიჭა.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.