თბილისში GCCA-ის ორგანიზებით, მომხმარბელთა უფლებების დაცვის მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით,
(GCCA) თბილისში მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და აღსრულების საერთაშორისო ქსელის (ICPEN) მაღალი დონის კონფერენცია გაიხსნა. GCCA 2026/2027 წლებში ICPEN ხელმძღვანელ უწყებას წარმოადგენს. კონფერენცია 3 დღის განმავლობაში იმუშავებს მომხარებელთა უფლებების სფეროში
არსებულ აქტუალ საკითხებზე და განსაზღვრავს ერთიან მიდგომებსა და სტანდარტებს. კონფერენციას 55 ქვეყნის 100-მდე დელეგატი ესწრება, მათ შორის სხვადასხვა ქვეყნის მომხმარებელთა უფლებების დაცვის უწყებების ხელმძღვანელი პირები.
დელეგატებს სიტყვით მიმართა GCCA-ის თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ.
მან თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა მომხმარებელთა დაცვის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების, თანამედროვე ციფრული გამოწვევების საპასუხოდ, ეფექტიანი მექანიზმების განვითარებისა და ციფრულ ეპოქაში ნდობის შენების მნიშვნელობაზე.
„მოხარული ვარ, რომ საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის
დაცვის სააგენტო ამ მნიშვნელოვან საერთაშორისო კონფერენციის მასპინძელია. ეს შეხვედრა გვაძლევს შესაძლებლობას, სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება გავიზიაროთ, ერთად ვიმსჯელოთ მომხმარებელთა დაცვის სფეროში არსებულ თანამედროვე გამოწვევებზე და კიდევ უფრო გავაძლიეროთ საერთაშორისო
თანამშრომლობა.
დღეს, როდესაც ციფრული ტექნოლოგიები მომხმარებელთა ყოველდღიურ ცხოვრებას
სწრაფად ცვლის, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ნდობის, გამჭვირვალობისა და სამართლიანი ციფრული გარემოს უზრუნველყოფა. სწორედ ამიტომ, კონფერენციის მთავარი გზავნილი - „ციფრულ ეპოქაში ნდობის შენება" - განსაკუთრებით აქტუალურია".
კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს მთავრობის,
პარლამენტის, აღმასრულებელი და ადგილობრივი ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სხვადასხვა ქვეყნის მომხმარებელთა დაცვის უწყებების მაღალი რანგის წარმომადგენლებმა. – საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან
იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნათია თურნავა და საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი.
საერთაშორისო პარტნიორებს წარმოადგენენ: UNCTAD-ის კონკურენციისა
და სამომხმარებლო პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი რემი ლანგი, გაერთიანებული სამეფოს კონკურენციისა და ბაზრის სააგენტოს მომხმარებელთა უფლებების დაცვის დირექტორი ემა კოჰრეინი, შვედეთის მომხმარებლის უფლებების დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე ქრისტოფერ იოჰანსონი,
იტალიის კონკურენციის სააგენტოს უფროსი ექსპერტი ანტონიო მანჩინი.
თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციის მთავარი გზავნილია
„ციფრულ ეპოქაში ნდობის შენება" (Building Trust in the Digital Age). 15-17 სექტემბერს კონფერენციის ძირითადი სამუშაო პროგრამა გაგრძელდება, რომელიც თემატურ პანელურ სესიებს, მაღალი დონის შეხვედრებსა და სამუშაო სესიებს მოიცავს.
სხვა სიახლეები
ჩვენი მიზანია, ქართული სტარტაპების საერთაშორისო კავშირები რეალურ ბიზნესშედეგებად ვაქციოთ - ავთანდილ კასრაძე
30.10.2026.09:12
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ, ავთანდილ კასრაძემ, სინგაპურში, საერთაშორისო ტექნოლოგიური ფორუმის SWITCH Singapore 2026-ის (სინგაპურის ინოვაციების და ტექნოლოგიების კვირეული) ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში - „ინოვაციების გზაჯვარედინზე: რატომ ირჩევენ საერთაშორისო სტარტაპები საქართველოს“ -საქართველოს საინვესტიციო და ტექნოლოგიურ გარემოზე, სტარტაპების მხარდაჭერის სახელმწიფო მექანიზმებსა და საერთაშორისო ბაზრებზე გაფართოების შესაძლებლობებზე ისაუბრა.
ავთანდილ კასრაძის განცხადებით, საქართველოს უპირატესობას ქმნის კვალიფიციური ტექნოლოგიური კადრები, ბიზნესის დაწყების გამარტივებული პროცედურები, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა და სტარტაპების განვითარების მხარდამჭერი პროგრამები. ამასთან, ინოვაციური სტარტაპის სტატუსი კომპანიებს საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის შესაძლებლობას აძლევს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განვითარების საწყის ეტაპზე კვალიფიციური კადრების მოსაზიდად.
სააგენტოს თავმჯდომარემ სტარტაპების მხარდაჭერის მიმართულებით აქსელერაციის პროგრამის მნიშვნელობაზეც ისაუბრა, რომელიც საერთაშორისო პარტნიორების გამოცდილებასა და სახელმწიფო მხარდაჭერას აერთიანებს.
“საქართველოში უკვე 170-ზე მეტი საერთაშორისო IT კომპანია საქმიანობს, ხოლო 52 000-ზე მეტი ტექნოლოგიური სფეროს უცხოელი სპეციალისტი ქვეყანაში ცხოვრობს და მუშაობს. საქართველოს ტექნოლოგიურ ეკოსისტემაში საერთაშორისო პროფესიონალების მოზიდვას ხელს უწყობს IT სპეციალისტებისთვის განკუთვნილი ბინადრობის ნებართვის სპეციალური მექანიზმიც.” - აღნიშნა ავთანდილ კასრაძემ.
პანელური დისკუსიის ერთ-ერთი მთავარი საკითხი ქართული სტარტაპების საერთაშორისო ბაზრებზე გასვლა იყო. ავთანდილ კასრაძემ ამ მიმართულებით Pulsar AI-ის მაგალითი მოიყვანა. თბილისში დაფუძნებულმა გუნდმა საავტომობილო დილერებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგია შექმნა, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერა მიიღო და 2021 წელს ამერიკულმა კომპანიამ SpinCar-მა შეიძინა, რომელიც დღეს Impel-ის სახელით ოპერირებს.
„ჩემი შეთავაზებაა, თანამშრომლობა კონკრეტული კომპანიებისა და მათი ბიზნესსაჭიროებების ირგვლივ დავიწყოთ. დავაკავშიროთ შესაბამისი სტარტაპები კორპორაციულ პარტნიორებთან, გამოვცადოთ კონკრეტული ტექნოლოგიური გადაწყვეტები და მიღებული შედეგების საფუძველზე განვავითაროთ თანამშრომლობა. ჩვენი თანამშრომლობის მიზანი უნდა იყოს ქართული სტარტაპებისთვის საერთაშორისო ბაზრებზე წვდომის რეალურ ბიზნესშესაძლებლობებად გარდაქმნა“, -განაცხადა ავთანდილ კასრაძემ.
სააგენტოს თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს მთავრობის მიზანია, კიდევ უფრო გააძლიეროს ქვეყნის ტექნოლოგიური ეკოსისტემა, მოიზიდოს საერთაშორისო კომპანიები და პროფესიონალები და ხელი შეუწყოს ქართული სტარტაპების გლობალურ ბაზრებზე ინტეგრაციას.
SWITCH Singapore 2026 საერთაშორისო ტექნოლოგიური ფორუმია, რომელიც სტარტაპებს, ინვესტორებს, ტექნოლოგიურ კომპანიებსა და ეკოსისტემის წარმომადგენლებს საერთაშორისო თანამშრომლობისა და ახალი ბიზნესკავშირების დამყარების შესაძლებლობას აძლევს.