თბილისში ხმაურის ნორმების გადამეტებისთვის სანქციები გამკაცრდება
თბილისის მერიამ ხმაურის ნორმების დარღვევისთვის ჯარიმების გაზრდის მიზნით შესაბამისი კანონპროექტი შეიმუშავა, რომელსაც უახლოეს მომავალში საქართველოს პარლამენტს წარუდგენს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, არსებული სანქციები პრაქტიკულად უშედეგოა და ვერ ქმნის კანონდარღვევის ასარიდებლად პრევენციულ ზომებს.
„ტურისტული სეზონის გააქტიურებასთან ერთად, თქვენ იცით როგორ აქტუალური ხდება ხმაურის დონის გადამეტების პრობლემა კერძო თუ საზოგადოებრივ სივრცეებში. არსებული რეგულაციების მიხედვით, ზოგ ადგილებში და ზოგ ობიექტებზე დასაშვებია ხმაურის გარკვეული დონე დილის 08:00-დან ღამის 11:00 საათამდე, ხოლო ღამის 11:00-დან დილის 08:00 საათამდე ან საერთოდ აკრძალულია ხმაური, ან კიდევ დაშვებულია ხმაურის დაბალი დონე, თუმცა, სამწუხაროდ, აღნიშნულ კანონს ხშირ შემთხვევაში არ იცავენ კაფეები, ბარები, რესტორნები, კლუბები და ა.შ. ამ ობიექტებში ხმაურის დასაშვები დონე დღე-ღამის ყველა მონაკვეთში, დილით, შუადღით, საღამოს თუ ღამით არის ერთნაირად შეზღუდული და არ უნდა აღემატებოდეს 50 დეციბელს. რამდენიმე კვირის წინ, მთავრობის სხდომაზე მოვუწოდე და ვთხოვე ყველა მსგავს ობიექტს, დაიცვან ხმაურთან დაკავშირებით კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმები, ასევე დავავალე მუნიციპალური ინსპექციის უფროსს, რომ ამ მიმართულებით გაემკაცრებინა მონიტორინგი. ფაქტია, რომ ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისათვის დადგენილი სანქციები უშედეგოა და არ წარმოადგენს არანაირ ბერკეტს, რათა კანონდამრღვევმა თავი შეიკავოს განმეორებითი დარღვევებისგან. ხშირ შეთხვევაში ეს ობიექტები კვლავ უგულებელყოფენ კანონს და საზოგადოების ინტერესებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, სანქციების მიზანი არის არა ბიზნესის დაზარალება, არამედ ადამიანის უფლებების დაცვა.
„რა თქმა უნდა, ბიზნესს არავითარ შემთხვევაში არ ვეწინააღმდეგებით, ხელს არავის არ ვუშლით. პირიქით, თქვენ იცით, ჩვენი დამოკიდებულება და მიდგომები, ბევრი მხარდამჭერი პროგრამა განვახორციელეთ მათთვის, მაშინ, როდესაც ყველაზე რთული პერიოდი ჰქონდათ. მხედველობაში მაქვს პანდემიის ორწლიანი პერიოდი. რა თქმა უნდა არც მომავალში დავიხევთ უკან, მაგრამ ერთით მეორე არ უნდა დავაზიანოთ და ადამიანის უფლებები უნდა იყოს გათვალისწინებული.
კანონპროექტის მიხედვით, აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება პირველ შემთხვევაში გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით; იგივე ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ფიზიკური პირი დაჯარიმდება 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირი დაჯარიმდება 5000 ლარის ოდენობით; მესამედ და შემდგომ ყველა დარღვევაზე, ფიზიკური პირი დაჯარიმდება 1000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირი 10 000 ლარის ოდენობით“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, კანონპროექტთან დაკავშირებით უკვე შედგა კონსულტაციები საქართველოს პარლამენტთან.
დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა პარლამენტის წევრებს და იმედი გამოთქვა, რომ უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო მხარს დაუჭერს ამ ინიციატივას.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.