თბილისში სატრანსპორტო საშუალების ხმაურის დონის დამდგენი დეტექტორები განთავსდება
თბილისის მერიის მუნიციპალურმა სერვისების განვითარების სააგენტომ, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, მუშაობა დაიწყო ახალ საპილოტე პროექტზე, რომელიც სატრანსპორტო საშუალების ხმაურის დონის დამდგენი დეტექტორების მონტაჟს ითვალისწინებს.
ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„ქალაქში ბოლო პერიოდში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების მხრიდან გახშირდა ხმაურისთვის დაწესებული ნორმების დარღვევა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა საღამოსა და ღამისსაათებში. აღნიშნული პრობლემით წუხდება მოსახლეობა. საღამოს, ღამის საათებში, როდესაც ადამიანი ისვენებს, ხმაურიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებები დისკომფორტს უქმნიან. აქედან გამომდინარე, თბილისის მერიის მუნიციპალურმა სერვისების განვითარების სააგენტომ, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, დაიწყო ახალ საპილოტე პროექტზე მუშაობა, რომელიც ითვალისწინებს სატრანსპორტო საშუალების ხმაურის დონის დამდგენი დეტექტორების დამონტაჟებას. აქტიურად ვთანამშრომლობთ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ერთად განვსაზღვრავთ კონკრეტულ ადგილებს, სადაც აღნიშნული დეტექტორები განთავსდება, ნორმის დამრღვევი სატრანსპორტო საშუალების გამოვლენა და შესაბამისად, დაჯარიმება მოხდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ხმაურის დეტექტორები ჰოლანდიური კომპანია Sorama B.V-ს მიერაა დამზადებული.
„მსგავსი ტიპის დეტექტორები უკვე განთავსებულია რამდენიმე ევროპულ ქალაქში. საპილოტე პროექტის ფარგლებში, დედაქალაქშიც ვაპირებთ მის განხორციელებას. დავაკვირდებით და ანალიზის შემდეგ, შესაძლებელი იქნება დეტექტორების სხვადასხვა ქუჩასა თუ გამზირზე დამონტაჟებას, რაც გააადვილებს ხმაურის დონის დამრღვევი სატრანსპორტო საშუალებების გამოვლენას და მესაკუთრეებისთვის შესაბამისი სამართალდარღვევის დაკისრებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.