თბილისში წყლის მომავლის პირველი საერთაშორისო ფორუმი იმართება
10–11 თებერვალს თბილისში, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“, Aqualia-სა და ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ორგანიზებით, წყლის მომავლის პირველი საერთაშორისო ფორუმი იმართება. ღონისძიებას ესწრებიან საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, მარეგულირებელი ორგანოები, საერთაშორისო ორგანიზაციები და წყლის სექტორის წამყვანი ოპერატორები, - ინფორმაციას ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ავრცელებს.
უწყების ცნობით, ფორუმის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე და Aqualia-ს აღმასრულებელი დირექტორი სანტიაგო ლაფუენტე. გამოსვლებში ხაზი გაესვა წყლის სექტორის მნიშვნელობას ქვეყნის მდგრადი განვითარების, ეკონომიკური პოლიტიკისა და მოსახლეობისთვის ხარისხიანი წყალმომარაგების უზრუნველყოფის კონტექსტში.
„ორი დღის განმავლობაში ფორუმის მონაწილეები იმსჯელებენ წყლის სექტორის განვითარების საკვანძო საკითხებზე, მათ შორის სახელმწიფო პოლიტიკასა და მართვის მომავალ ხედვაზე, წყლის პოლიტიკისა და რეგულირების არქიტექტურაზე, წყალმომარაგების ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების მნიშვნელობაზე, სატარიფო სისტემების გლობალურ მოდელებსა და ადგილობრივ რეალობაზე, ასევე საქართველოში საინვესტიციო და სატარიფო პოლიტიკების ურთიერთკავშირზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და საჯარო და კერძო სექტორებს შორის პარტნიორობის როლს მდგრადი სისტემების ჩამოსაყალიბებლად.
ფორუმის ფარგლებში წყალი განიხილება არა მხოლოდ როგორც კომუნალური სერვისი, არამედ როგორც ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და გრძელვადიანი მდგრადობის ერთ-ერთი ფუნდამენტური საფუძველი.
ღონისძიების ფარგლებში იმსჯელებენ საქართველოს პოტენციალზე, ჩამოყალიბდეს რეგიონული დიალოგისა და თანამშრომლობის ჰაბად წყლის რესურსების მართვის მიმართულებით. ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა, ინსტიტუციური განვითარება და საერთაშორისო პარტნიორობის ერთობლიობა ქმნის შესაძლებლობას, საქართველომ შეასრულოს საკვანძო როლი რეგიონში წყლის სექტორის განვითარების დღის წესრიგის ფორმირებაში.
ფორუმზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ინვესტიციებსა და სოციალური სამართლიანობის ბალანსს, როგორც წყლის სექტორის გრძელვადიანი მდგრადობის აუცილებელ პირობას. განიხილება ისეთი მიდგომები, რომლებიც ერთი მხრივ იცავს მომხმარებლების, მათ შორის მოწყვლადი ჯგუფების ინტერესებს, ხოლო მეორე მხრივ ქმნის რესურსს ინფრასტრუქტურის განახლებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისთვის.
მაღალი დონის საერთაშორისო დიალოგი ქმნის შესაძლებლობას წყლის სექტორში რეფორმების გაძლიერებისთვის, ინვესტიციების წახალისებისა და გრძელვადიანი, მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად. ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, Aqualia და პარტნიორი ორგანიზაციები აცხადებენ მზადყოფნას, მომავალშიც გააგრძელონ თანამშრომლობა წყლის მართვის თანამედროვე, ეფექტიანი და მაღალი სტანდარტების მქონე მოდელის განვითარებისთვის საქართველოში“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები
მზის პანელების შეძენისა და მონტაჟის მოტივით 40 000 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალი წარუდგინა
13.11.2026.16:35
თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა იმ მოტივით, რომ შეიძენდა და დაამონტაჟებდა მზის პანელებს, დაზარალებულებს 40 000 ლარი ჩაარიცხინა, რომელიც მიისაკუთრა და ქვეყნის ფარგლები დატოვა.
ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით) დაუსწრებლად წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს უკვე მიმართა.