თბილისში ცნობილი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის ვარლამ ჩერქეზიშვილის სახელობის ქუჩა გაიხსნა
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით და საკრებულოს გადაწყვეტილებით, თბილისში ისნის რაიონში, ცნობილი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწის ვარლამ ჩერქეზიშვილის სახელობის ქუჩა გაიხსნა. ქუჩის გახსნას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ნინო ვარდოსანიძე, საკრებულოს ისნის მაჟორიტარი წევრი კახა ლაბუჩიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯაბა სამუშოა, უნივერსიტეტის წარმომადგენლები. ასევე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და საგარეჯოს ვარლამ ჩერქეზიშვილის სახელობის სკოლის მოსწავლეები დაესწრნენ.
ვარლამ ჩერქეზიშვილის სახელობის ქუჩის გახსნის საკითხის ინიცირება საკრებულოში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს, ვარლამ ჩერქეზიშვილის მოღვაწეობის მკვლევარს გოჩა ფერაძეს ეკუთვნის. ქუჩის გახსნაზე სიტყვით გამოვიდნენ ნინო ვარდოსანიძე, გიორგი ტყემალაძე, ჯაბა სამუშია, გოჩა ფერაძე, კახა ლაბუჩიძე, ვარლამ ჩერქეზიშვილის მოღვაწეობაზე პირველი მონოგრაფიის ავტორი დიმიტრი შველიძე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები.
როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, სასიხარულოა, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენისთვის მებრძოლი ვარლამ ჩერქეზიშვილის სახელი თბილისის ერთ-ერთ ქუჩას ეწოდა.
„საკრებულოს გადაწყვეტილებით, თბილისში ერთ-ერთ ქუჩას დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწის, ვარლამ ჩერქეზიშვილის სახელი მიენიჭა. მან ძალიან დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების საქმეში. ვარლამ ჩერქეზიშვილი იყო დიდი პუბლიცისტი. ჩვენი ვალია, რომ პატივი მივაგოთ ასეთ დიდ მოღვაწეებს და მომავალ თაობებს შემოვუნახოთ დიდი ქართველების სახელები“,- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარის ნინო ვარდოსანიძის განცხადებით, თბილისის საკრებულო აგრძელებს ცნობილი ქართველი პოლიტიკური მოღვაწეების სახელების უკვდავყოფას, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ.
„ვარლამ ჩერქეზიშვილი იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და სიმბოლურია, რომ სწორედ დღეს გაიხსნა მისი სახელობის ქუჩა. 23 თებერვალი წითელი არმიის წინააღმდეგ დაღუპული იუნკერების ხსოვნის დღეა. ვარლამ ჩერქეზიშვილი ქართველ იუნკერებთან ერთად, იარაღით ხელში იცავდა ჩვენს სამშობლოს“,- განაცხადა ნინო ვარდოსანიძემ.
ღონისძიება თბილისის საკრებულოში გაგრძელდა, სადაც ვარლამ ჩერქეზიშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტოგამოფენა გაიმართა. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა და სკოლის მოსწავლეებმა თბილისის საკრებულოს შენობა დაათვალიერეს.
ვარლამ ჩერქეზიშვილი რამდენიმე ათეული წელი ემიგრაციაში ცხოვრობდა. ვარლამ ჩერქეზიშვილი თანამშრომლობდა ილია ჭავჭავაძესთან და გაზეთ „ივერიაში“ ფსევდონიმით კორესპონდენციებს აქვეყნებდა. ის 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა. იყო საქართველოს ეროვნული კრების წევრი. ვარლამ ჩერქეზიშვილი 1921 წელს საბჭოთა საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ იარაღით ხელში იბრძოდა. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ მან სამშობლოს დატოვა და ემიგრაციაში გარდაიცვალა.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.