თებერვალში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 74 ფაქტი გამოვლინდა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის თებერვლის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 74 ფაქტი გამოავლინეს.
აღნიშნული სამართალდარღვევებიდან, 29 ფაქტი კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ გამოვლინდა, 3 - მცხეთა-მთიანეთის, 8 - ქვემო ქართლის, 5 - შიდა ქართლის, 8 - სამცხე-ჯავახეთის, 9 - გურიის, 2 - რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის, 5 - იმერეთის, ხოლო 5 კანონდარღვევის ფაქტი სამეგრელო -ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ არის გამოვლენილი.
სამართალდამრღვევების მიმართ შედგენილია შესაბამისი დოკუმენტაცია, ავტოსატრანსპორტო საშუალებები დალუქულია და გადაყვანილია სააგენტოს „საქმიან ეზოებში“. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
მიმდინარე წლის თებერვლის განმავლობაში, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ, ჯამში, ამოღებულია სხვადასხვა სახეობის 110.424 მ3 ხე-ტყე, რომელიც სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ არის განთავსებული.
2024 წლის იანვარ-თებერვლის პერიოდში, ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 98 ფაქტი გამოვლინდა. ამოღებული და „საქმიან ეზოებში“ დასაწყობებული ხე-ტყის რესურსის მოცულობა 167.234 მ3 შეადგენს.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.