თელავში სპორტის სასახლე აშენდა, რისთვისაც 22 მლნ ლარამდე დაიხარჯა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თელავის სპორტის სასახლე დაათვალიერა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, იყო გარკვეული სამართლებრივი პრობლემები, რომელიც სრულად არის მოგვარებული და სპორტული კომპლექსი უახლოეს მომავალში გაიხსნება.
„ეს კომპლექსი აშენდა, თუმცა იყო გარკვეული სამართლებრივი პრობლემები. დღეს უკვე ეს პრობლემები სრულად არის მოგვარებული და უახლოეს მომავალში ეს კომპლექსი გაიხსნება და იქნება ხელმისაწვდომი თელაველებისთვის. ვიდრე საბოლოოდ გაიხსნება ეს კომპლექსი, გარკვეული სამუშაოები ჩატარდება, თუმცა, ამას დიდი დრო არ დასჭირდება. ჩვენი სურვილია, რომ კიდევ უფრო მეტად გავაფართოოთ თელავში სპორტული ინფრასტრუქტურა", - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, თელავს სჭირდება საცურაო აუზი და ამაზე ზრუნვა უკვე დაწყებულია.
„დღეს ვთხოვე კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველ მოადგილეს, რომ უკვე მოამზადოს ეს საკითხი. თელავს ასევე სჭირდება მულტიფუნქციური სპორტული ინფრასტრუქტურა. ამაზე მუშაობა დაწყებული გვაქვს და ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ თელაველები უახლოეს მომავალში ასეთი ინფრასტრუქტურით იყვნენ უზრუნველყოფილები. რაც შეეხება არსებულ დარბაზს, ეს სპორტული ცენტრი უახლოეს მომავალში გაიხსნება", - განაცხადა პრემიერმა.
მულტიფუნქციური სპორტის სასახლის პროექტისთვის 22 მილიონ ლარამდე გამოიყო. სამუშაოები კანადურმა კომპანია „ბეჰლენმა" შეასრულა. კომპლექსი მოიცავს დიდ და პატარა დარბაზს, რომლებიც 2000 მაყურებელზეა გათვლილი, გასახდელებს, ადმინისტრაციულ სივრცეებს. კომპლექსი ამ ეტაპზე შპს „სპორტმშენსერვისის" დაქვემდებარებაშია.
კომპლექსი აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს. სპორტის სასახლეში შესაძლებელია სპორტის სხვადასხვა სახეობაში, მათ შორის კალათბურთში, ფუტსალში, ფრენბურთში, ხელბურთში, კარატეში, ძიუდოში, ჭიდაობასა და ტანვარჯიშში საერთაშორისო ტურნირების, ევროპისა და მსოფლიოს ასაკობრივი ჩემპიონატების გამართვა.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.