თენგიზ ნასარიძე „მწვანე გურიის“ პროექტის მრჩეველთა საბჭოს პირველ შეხვედრას დაესწრო
ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის „მწვანე გურია - ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მდგრადი მწვანე ზრდისთვის“ დაინტერესებულ მხარეთა მრჩეველთა საბჭოს პირველი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, თენგიზ ნასარიძემ, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) აღმასრულებელმა დირექტორმა, ლოღან ჯორჯ ეტიენ ნიკოლიმ და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის საგანგებო სიტუაციების მართვის, სამოქალაქო დაცვის, სოფლის განვითარების და ინტელექტუალური საკუთრების პროგრამის მენეჯერმა, ქეთევან ხუციშვილმა გახსნეს. შეხვედრის მონაწილეებმა პროექტის მიმდინარეობაზე იმსჯელეს და მისი ეფექტიანი განხორციელებისთვის რეკომენდაციები გააზიარეს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ პროექტში ჩართულ მხარეებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და სოფლის განვითარებაში საერთაშორისო პარტნიორების როლის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
„საქართველოს მთავრობისთვის სოფლის განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტია. ევროპასთან დაახლოებისა და მათი საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის მიზნით, ჩვენ არაერთ მნიშვნელოვან აქტივობას ვახორციელებთ. სოფელი, უნდა იყოს კიდევ უფრო წარმატებული როგორც მეწარმეობის, ასევე სოციალურ-კულტურული განვითარების თვალსაზრისით. სწორედ ამისთვის, სახელმწიფო არაერთ მხარდამჭერ პროექტს ახორციელებს, მათ შორისაა „თემზე დაფუძნებული ადგილობრივი მხარდაჭერის პროგრამა“, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის ინკლუზიურ განვითარებას“,- განაცხადა თენგიზ ნასარიძემ.
სიტყვით გამოსვლისას, CENN-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლოღან ჯორჯ ეტიენ ნიკოლიმ საქართველოში ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების, კონკურენტუნარიანი სოფლის მეურნეობისა და გარემოსდაცვითი პრაქტიკის დანერგვაში პროექტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
როგორც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის საგანგებო სიტუაციების მართვის, სამოქალაქო დაცვის, სოფლის განვითარების და ინტელექტუალური საკუთრების პროგრამის მენეჯერმა, ქეთევან ხუციშვილმა აღნიშნა, ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას იდენტიფიცირებული სტრატეგიული საჭიროებების განხორციელებისთვის როგორც სოფლის მეურნეობის, ისე გარემოს დაცვის მიმართულებებით.
შეხვედრის ფარგლებში, ოზურგეთის ჩოხატაურის ლანჩხუთისა და გურჯაანის ადგილობრივი განვითარების ჯგუფების (LAG) თავმჯდომარეების მონაწილეობით გაიმართა პანელური დისკუსია „LAG-ები სოფლის განვითარებისთვის - შესაძლებლობები და გამოწვევები“.
ღონისძიებას, ევროკავშირის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროების, გურიის რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პროექტს, ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD IV) ფარგლებში, ახორციელებს CENN-ი პარტნიორ ორგანიზაციებთან, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან, დემოკრატიის ინსტიტუტისა და ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფთან (LAG) თანამშრომლობით. პროექტის მიზანია, სიღარიბის შემცირება და მოწყვლადი თემებისთვის ეკონომიკური და სოციალური გარემოსა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება სამოქალაქო ჩართულობის, სოფლის ინკლუზიური განვითარებისა და მწვანე ზრდის მხარდაჭერის გზით.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.