თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის გზის 11.5 კმ-იან მონაკვეთს რეაბილიტაცია უტარდება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის საავტომობილო გზის 11.5 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
სარეაბილიტაციო გზა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუღაანიდან იწყება, გაივლის სოფელ სანიორეს მიმდებარე ტერიტორიას და მთავრდება სოფელ ნაფარეულთან. გზის მიმდებარედ არის საცხოვრებელი სახლები, საკარმიდამო ნაკვეთები, ღვინის საწარმოები, ბენზინგასამართი სადგურები, კომერციული ფართები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. შესაბამისად, ამ გზის გამართულად ფუნქციონირება ადგილობრივი მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. არსებული გზა ძლიერ დაზიანებული იყო და, გაზრდილი მოძრაობის ინტენსივობის პირობებში, აფერხებდა გადაადგილებას.
გზის რეაბილიტაციის პროექტი ითვალისწინებს საგზაო ინფრასტრუქტურის სრულ აღდგენას: რეაბილიტირდება გზის სავალი ნაწილი, მოეწყობა წყალგამტარი მილები, კიუვეტები, ავტობუსის გასაჩერებელი პავილიონები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები და საგზაო ნიშნები. ასევე, ჩატარდება გზის სავალი ნაწილის ჰორიზონტალურად მონიშვნის სამუშაოები.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 11 659 030 ლარია. სამუშაოების დასრულება მიმდინარე წელს იგეგმება.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.