თინათინ ნიბლოშვილი და საკრებულოს წევრები პროფესიულ კოლეჯ "სქილვილ" -ს ესტუმრნენ
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი, საკრებულოს წევრებთან ერთად, პროფესიულ კოლეჯ „სქილვილ"-ში იმყოფებოდა. საკრებულოს წევრებმა კოლეჯის ხელმძღვანელობასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართეს და იმ პროგრამებს გაეცნენ, რომლებსაც კოლეჯი ახალგაზრდებს სთავაზობს. დეპუტატებმა კოლეჯის ინფრასტრუქტურაც დაათვალიერეს.
როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, თინათინ ნიბლოშვილმა განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ კოლეჯში 30-მდე სხვადასხვა მიმართულებასთან ერთად, თბილისის მერიის პროგრამა "ისწავლე და დასაქმდი" მოქმედებს. თინათინ ნიბლოშვილის თქმით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, 16 წლიდან ზევით, თბილისში რეგისტრირებულ ყველა მოქალაქეს სრულიად უსასყიდლოდ, დედაქალაქის მერიის 100% -ანი დაფინანსებით, აქვს შესაძლებლობა სასურველ პროფესიას დაეუფლოს. როგორც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ განაცხადა, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ტრადიციული პროფესიული პროგრამები ხელოვნურ ინტელექტთან ინტეგრირდეს. მისივე განცხადებით, დედაქალაქის საკრებულო აქტიურად არის ჩართული პროფესიული სწავლების პოპულარიზაციაში და მუდამ მზად არის ამ მიმართულებით კოლეჯს კომპეტენციის ფარგლებში მხარი დაუჭიროს.
შეხვედრის დასასრულს მხარეები სამომავლო თანამშრომლობისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების შესახებ შეთანხმდნენ.
სხვა სიახლეები
ვაზიანი-გომბორი-თელავის გზის 26-ე კმ-ზე მეწყრულ უბანზე სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს
07.10.2026.15:58
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გუშინ ღამე, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე ჩამოვიდა კლდოვანი მასა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ამ დროისთვის, ადგილზე იმყოფებიან საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და კონტრაქტორი ორგანიზაციის წარმომადგენლები. მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და სამუშაოები ინეტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რათა უმოკლეს ვადებში აღდგეს ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ამასთანავე, უკვე გამოცხადებულია ტენდერი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ1-კმ26 მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება 26.5 კმ. სიგრძის გზის სრული რეაბილიტაცია, მათ შორის სპეციალური ღონიძიებები გატარდება აღნიშნული გზის 26-კმ-ზე არსებულ მეწყრულ უბანზე, რაც სრულად მოაგვარებს არსებულ პრობლემებს.