თინათინ ნიბლოშვილის ინიციატივით ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან დასაქმების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, თინათინ ნიბლოშვილის, ინიციატივით დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და თბილისის საკრებულოსთან არსებულ ეთნიკური უმცირესობის საკოორდინაციო საბჭოს შორის საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.
ღონისძიება საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, თინათინ ნიბლოშვილმა და სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, ხათუნა ცერცვაძემ, გახსნეს.
როგორც თინათინ ნიბლოშვილმა აღნიშნა, საკრებულოსა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს შორის მრავალწლიანი თანამშრომლობის გამოცდილება არსებობს.
„მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საბჭოს წევრებმა სრულყოფილი ინფორმაცია მიიღონ არსებული პროგრამების შესახებ და შემდგომ საკუთარ თემებში გაავრცელონ. აღნიშნული ხელს შეუწყობს მოქალაქეთა დასაქმების გაზრდას, სერვისების ხელმისაწვდომობას და სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას“, - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
შეხვედრის ფარგლებში, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს თბილისის საქალაქო ცენტრის ხელმძღვანელმა ბექა ბურჭულაძემ პრეზენტაცია გამართა, რომელზეც ეთნიკური თემის წარმომადგენლებს სააგენტოს საქმიანობის, მათი სერვისების და პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. მონაწილეებმა იმსჯელეს ეთნიკური უმცირესობების დასაქმების ხელშეწყობის მექანიზმებზე, გამოწვევებსა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე.
სხვა სიახლეები
ველოდებით მეტ ინვესტიციას J.P. Morgan-ის მიერ წარდგენილი ახალი ინდექსით - ნათია თურნავა
18.09.2026.18:23
როგორც ვხედავთ, უცხოელი ინვესტორების მხრიდან მზარდი ინტერესია ქართული სახაზინო ობლიგაციების მიმართულებით და ამას ადასტურებს J.P. Morgan-ის ახალ $328-მილიარდიან ინდექსში ლარის სახაზინო ობლიგაციებიც შესვლაც, - ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ J.P. Morgan-ის განვითარებადი, ე.წ. frontier ბაზრების ადგილობრივ ვალუტაში დენომინირებული სახელმწიფო ობლიგაციებისთვის ახალი ინდექსის შექმნის თაობაზე განაცხადა.
მისი თქმით, გაზრდილი ინტერესი გამოწვეულია საქართველოს ძალიან ძლიერი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორებითა და გეოპოლიტიკური შოკების მიმართ ეკონომიკის მდგრადობით.
„შემთხვევითი არ არის, რომ სწორედ საქართველოში ატარებს J.P. Morgan-ი რეგიონის ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელი პირების კონფერენციას, სადაც დისკუსიის ერთ-ერთი ნაწილი სწორედ კაპიტალის ბაზრის განვითარებას ეძღვნება. ჩვენ ველოდებით მეტ ინვესტიციას ამ არხით",- აღნიშნა ნათია თურნავამ.
J.P. Morgan-ის მიერ შექმნილი ახალი ინსტრუმენტის - GBI-EM Edge საბაზრო ღირებულება 328 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს და მოიცავს 26 ქვეყნის 24 ეროვნულ ვალუტასა და 425 ინსტრუმენტს. ახალ ინდექსში ჩართულია საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები და ინდექსის 1.79%-იან წილს შეადგენს.
GBI-EM Edge განვითარებადი ფინანსური ბაზრების (frontier market) სრულიად ახალი ინდექსია, რომლის მიზანი ისეთი განვითარებადი ბაზრების (frontier market) სახელმწიფო ობლიგაციების დინამიკის ასახვაა, რომლებიც მაღალი შემოსავლიანობითა და საერთაშორისო ინვესტორებისთვის გაუმჯობესებული ხელმისაწვდომობით ხასიათდებიან.
აღსანიშნავია, რომ თბილისში დღეს სებ-ის ორგანიზებითა და უმსხვილეს ამერიკულ ბანკ J.P. Morgan-თან თანამშრომლობით, ცენტრალური ბანკების პრეზიდენტების მრგვალი მაგიდის შეხვედრა გაიმართა.
რეგიონში მსგავსი ფორმატის ღონისძიება პირველად ჩატარდა და მასში 15-მდე ქვეყნის, მათ შორის უნგრეთის, პოლონეთის, მოლდოვას, ბოსნია და ჰერცოგოვინას, თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის და სხვა ქვეყნების ცენტრალური ბანკების მაღალი რანგის წარმომადგენლებმა, ასევე საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და ფინანსური სექტორის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.