თინათინ ნიბლოშვილმა, ოთარ გრიგოლიამ და ნინო რუხაძემ თვითმმართველი ქალაქების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თინათინ ნიბლოშვილმა, თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ოთარ გრიგოლიამ და საკრებულოს უმრავლესობის წევრმა, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო რუხაძემ თვითმმართველი ქალაქების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა, რომელიც ბათუმის მერიაში გაიმართა.
შეხვედრაზე, რომელშიც თვითმმართველი ქალაქების მერებისა და საკრებულოების წევრების გარდა, უცხოელი ექსპერტებიც მონაწილეობდნენ, ევროინტეგრაციის პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობის როლის გაძლიერებაზე, განათლების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებასა და საერთაშორისო პარტნიორული ურთიერთობების გაფართოებაზე იმსჯელეს.
შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ნინო რუხაძე და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის მუნიციპალური ასოციაციების გაერთიანების ექსპერტები. გამომსვლელებმა ყურადღება გაამახვილეს ევროკავშირთან ასოცირების პროცესის ფარგლებში მუნიციპალიტეტებისთვის ხელმისაწვდომ შესაძლებლობებზე. მათ შორის, IPA პროგრამებზე, სტრუქტურულ ფონდებსა და რეფორმების დღის წესრიგზე, რაც ადგილობრივი თვითმმართველობების მდგრად განვითარებასა და გაძლიერებას ემსახურება.
ათეა-ს პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა სახელმძღვანელო დოკუმენტი წარადგინეს და მონაწილეებს გაუზიარეს რეგიონის გამოცდილება მუნიციპალიტეტების ინტერესების ადვოკატირების მიმართულებით.
შეხვედრა ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა.
შეხვედრის შემდგომ მონაწილეებმა რეაბილიტირებული რუსთაველის ქუჩა და ყინულის არენა დაათვალიერეს, როგორც წარმატებული ურბანული განახლებისა და ინფრასტრუქტურული განვითარების მაგალითები.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.