თითოეულმა მოქალაქემ უნდა იცოდეს რა არის მისი უფლება - ირაკლი ლექვინაძე
მნიშვნელოვანია, რომ თითოეილმა მოქალაქემ იცოდეს რა არის მისი უფლება, როგორ დაიცვას და, საჭიროების შემთხვევაში, ვის მიმართოს, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ განუცხადა.
„15 მარტი, მსოფლიოს კალენდარში მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღედ აღინიშნება. გამომდინარე იქიდან, რომ 2022 წელს, საქართველოს პარლამენტმა „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი მიიღო, ხოლო კონკურენციის სააგენტომ აღსრულების პროცესი 1-ელი ნოემბრიდან დაიწყო, აღნიშნული მიმართულებით დაგეგმილ აქტივობებს კონკურენციის სააგენტო წელს პირველად უერთდება“, - ამბობს ლექვინაძე.
მისივე თქმით, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, კონკურენციის სააგენტოში, 2022 წლის ნოემბრიდან - დღემდე, შემოსულია 180-მდე განაცხადი, ხოლო საქმის შესწავლა 90 საკითხზე დაიწყო.
„ამ დროის მონაკვეთში, მომხმარებლის სასარგებლოდ, გაფორმდა 23 პირობითი ვალდებულების აღების შესახებ შეთანხმება რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულება - საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, მათი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა. სააგენტო კომპანიების მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების პროცესს აქტიურად აკვირდება. ამ დროისთვის, 3 საქმესთან დაკავშირებით საკითხი სრულად ამოწურულია. საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მთავარი გამოწვევაა - მომხმარებელთა უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფა და კანონის ეფექტური იმპლემენტაცია“, - აცხადებს კნკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი.
13-17 მარტს, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს, სემეკის, კომუნიკაციების კომისიის, ეროვნული ბანკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში მომხმარებლის უფლებების დაცვის პირველი საერთაშორისო კვირეული გაიმართება.
ღონისძიებების ფარგლებში, მარეგულირებელი უწყებები, სექტორულად - მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებს, მიღებულ შედეგებს, არსებულ გამოწვევებს, აღსრულების მექანიზმებს, მომხმარებელთა ინფორმირების ეფექტურ კამპანიებს და საერთაშორისო გამოცდილებებს განიხილავენ.
კვირეულის ფარგლებში, მონაწილეობას იღებენ - საპარლამენტო გუნდის, ადგილობრივი და საერთაშორისო კოლეგა უწყებების, დიპლომატიური კორპუსის, ბიზნესის, არასამთავრობო და აკადემიური სექტორის წარმომადგენლები. მონაწილეებს ონლაინ მიმართავს ტერეზა მორეირა - UNCTAD-ის კონკურენციისა და მომხმარებელთა პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი; გოდა ალექსაიტე - ლიეტუვის მომხმარებელთა უფლებების დაცვის უწყების ხელმძღვანელი და ნერინგა ულბაიტე - მომხმარებელთა დაცვის ექსპერტი.
„შეხვედრები - პანელური დისკუსიის, პრეზენტაციების წარდგენის ფორმატში გაიმართება. დაგეგმილი ღონისძიებების მიზანია, ცნობიერების ამაღლება და მომხმარებლის უფლებების დაცვის ხარისხის გაძლიერება საქართველოში“, - ამბობს ლექვინაძე.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.