ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში მეწყერი ჩამოწვა
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, სტიქიის ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, ასევე შესაბამისი ტექნიკა.
„მეხანძრე-მაშველები აქტიურ რეჟიმში ახორციელებენ სამუშაოებს და მიმდინარეობს ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია უსაფრთხო ადგილზე გადაყვანის მიზნით.
ამ ეტაპზე დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
მოვუწოდებთ სოფელ კურსებში მყოფ მოსახლეობას, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან და დაემორჩილონ ადგილზე მყოფ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მითითებებს“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა
20.09.2026.15:51
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა. ამ დღისადმი მიძღვნილ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას, მან მადლობა გადაუხადა თითოეულ მებაჟე-ოფიცერს პროფესიონალიზმისათვის, პასუხისმგებლობისა და ქვეყნის წინაშე გაწეული სამსახურისთვის.
მან, ასევე, წარმატებები უსურვა შემოსავლების სამსახურისა და საბაჟო დეპარტამენტის ახალ ხელმძღვანელებს მომავალ საქმიანობაში და აღნიშნა, რომ მათი გამოცდილება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სამსახურის განვითარებაში.
ლაშა ხუციშვილმა, კიდევ ერთხელ, გაუსვა ხაზი თანამედროვე საბაჟოს როლს ქვეყნის ეკონომიკური ინტერესების დაცვის საქმეში.
„თანამედროვე საბაჟო გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ საბაჟო-სასაზღვრო კონტროლი. ეს მოიცავს ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების დაცვას, კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებას, ასევე, კანონშესაბამისი საქმიანობის წახალისებას, როგორც საერთაშორისო ვაჭრობის, ასევე საქართველოს გლობალური როლიდან გამომდინარე. საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი ლოგისტიკური და სატრანზიტო ფუნქცია. აქედან გამომდინარე, მებაჟე-ოფიცრების მუშაობა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საქართველომ ეს ფუნქცია წარმატებით განახორციელოს", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, საბაჟო სამსახურმა ბოლო წლებში წარმატებებს მიაღწია, როგორც ტექნოლოგიური, ისე პროფესიული განვითარების მიმართულებით. მისი თქმით, უწყების მიზანია მუდმივად ვითარდებოდეს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად.
„მებაჟე-ოფიცრებო, თქვენი 24-საათიანი მუშაობით, ყოველი ახალი დღე საქართველოსთვის წინგადადგმული ნაბიჯია. ეს მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ საბაჟოს, არამედ ქვეყნის განვითარებისთვის", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
მან დეპარტამენტის თანამშრომლებს პროფესიული განვითარების მიმართულებით მხარდაჭერა გამოუცხადა და იმედი გამოთქვა, რომ მათი მუშაობის მაღალი პროფესიული სტანდარტი მომავალშიც შენარჩუნდება.