თორნიკე რიჟვაძე სტიქიის შედეგად დაღუპულების ოჯახებს უსამძიმრებს
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, სტიქიის შედეგად განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
„რთული მეტეოროლოგიური პირობების და დიდთოვლობის გამო, დღეს მძიმე ვითარება გვაქვს რეგიონში. ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ წონიარისში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად გარდაიცვალა პოლიციის დეპარტამენტის ქედის რაიონული სამმართველოს უბნის უმცროსი ინსპექტორი.
ხულოს მუნიციპალიტეტში კი სოფელ თხილვანაში ზვავმა ორი ადამიანი მოიყოლა, გარდაიცვალა ქალბატონი. მეორე პირი კი უსაფრთხო ადგილასაა გადაყვანილი.
ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გარდაცვლილი ჩვენი ორი მოქალაქის გამო და ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს. სტიქიის ადგილზე იმყოფებიან მუნიციპალიტეტების შესაბამისი სამსახურები, მუშაობს საგანგებო სიტუაციების სამსახური, მობილიზებულია ტექნიკა. მოსახლეობას ვთხოვ, გზებზე გადაადგილებისგან ამ ეტაპზე მაქსიმალურად შეიკავონ თავი. ყველაფერს ვაკეთებთ მოსახლეობის დასახმარებლად და სტიქიასთან გასამკლავებლად“ - ნათქვამია განცხადებაში.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.