ტრამვაის ხაზის პროექტირებისა და მშენებლობისთვის გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეებთან დეტალების დაზუსტება მიმდინარეობს, რის შემდეგაც გამარჯვებული კომპანია გვეყოლება - კახა კალაძე
ტრამვაის ხაზის პროექტირებისა და მშენებლობის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში მიღებული წინადადებების შეფასების პირველი ეტაპი დასრულებულია.
როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ამ ეტაპზე პრეტენდენტებთან დეტალების დაზუსტება მიმდინარეობს, რის შემდეგაც გამარჯვებული კომპანია გამოვლინდება.
„დიდი დიღმისა და მეტროსადგურ „დიდუბის“ დამაკავშირებელი ტრამვაის ხაზის პროექტირებისა და მშენებლობის მიზნით გამოცხადებული ტენდერი მიმდინარე წლის 31 მარტს გაიხსნა. ტენდერი მიმდინარეობს აზიის განვითარების ბანკის შესყიდვის წესებით. მოცემულ ტენდერში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა და შესაბამისი სატენდერო წინადადებები წარმოადგინა ოთხმა მსხვილმა კომპანიამ და ერთობლივმა საწარმომ. დღეის მდგომარეობით, წარმოდგენილი წინადადებების შეფასების პირველი ეტაპი დასრულებულია და პრეტენდენტებთან მიმდინარეობს დეტალების დაზუსტება. დაზუსტებული ინფორმაციის წარმოდგენის შემდეგ გამოვლინდება გამარჯვებული კომპანია, რომელთანაც ივნისის ბოლომდე გაფორმდება ხელშეკრულება და დაუყოვნებლივ დაიწყება პროექტის განხორციელება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
რაც შეეხება მშენებლობის ძირითად პარამეტრებს, თბილისის მერის თქმით, ტრამვაის ხაზი დაიწყება დიდი დიღმის მე-3 და მე-4 მიკრორაიონების გადაკვეთის მიმდებარე ტერიტორიიდან და დავით აღმაშენებლის ხეივნისა და დიღმის მასივის გავლით დაუკავშირდება მეტროსადგურ „დიდუბის“ მიმდებარე ტერიტორიას.
„ტრამვაის ხაზის საორიენტაციო სიგრძე შეადგენს 7.5 კმ-ს, სადაც განთავსებული იქნება 11 გაჩერება. პროექტი ასევე მოიცავს შესაბამისი დეპოს მოწყობას, რომელიც გათვლილი იქნება ტრამვაის 11 შემადგენლობის მომსახურება-ექსპლუატაციაზე. პროექტი, რომლის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 417 მლნ ლარს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან სრულად დაფინანსდება. მოგეხსენებათ, პროექტი ისტორიული მნიშვნელობისაა, რადგან ტრანსპორტის აღნიშნული სახეობა წლების შემდეგ უბრუნდება დედაქალაქს. ამასთან, მისი ამოქმედება და ერთიან სატრანსპორტო ქსელში ინტეგრირება, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს დიდი დიღმის მოსახლეობის წვდომას საზოგადოებრივი ტრანსპორტის სხვა სახეობებთან და მნიშვნელოვნად შეამცირებს როგორც მოლოდინის, ისე გადაადგილების დროს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს არ იქნება ტრამვაის პირველი და ბოლო პროექტი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
სხვა სიახლეები
დავით სონღულაშვილი BP-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა
20.05.2026.14:38
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ბრითიშ პეტროლიუმის (BP) საქართველოს ოფისის დირექტორს აითან ჰაჯიევას შეხვდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
შეხვედრაზე მხარეებმა BP-ისა და საქართველოს მრავალწლიანი თანამშრომლობის შედეგები, მიმდინარე და სამომავლო პროექტები განიხილეს. საუბარი შეეხო ქვეყანაში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარებას, ასევე გარემოსდაცვით სტანდარტებთან შესაბამისობასა და ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერებას.
დავით სონღულაშვილმა სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მსგავსი პარტნიორობა ქვეყნის გარემოს დაცვის მიმართულებით განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს.
„BP-თან თანამშრომლობა წლების განმავლობაში იყო ძალიან ეფექტიანი და შედეგზე ორიენტირებული. სამინისტროსა და კომპანიას შორის ჩამოყალიბებულია მჭიდრო სამუშაო ურთიერთობა, რაც უზრუნველყოფს როგორც გარემოსდაცვითი სტანდარტების დაცვას, ისე მნიშვნელოვანი პროექტების შეუფერხებელ განხორციელებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს პარტნიორობა მომავალშიც გაგრძელდეს და კიდევ უფრო გაძლიერდეს“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.
კომპანიის წარმომადგენლის თქმით, BP საქართველოში საქმიანობის 30 წელს აღნიშნავს და ამ პერიოდის განმავლობაში სახელმწიფოსთან თანამშრომლობით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა.
„საქართველო ჩვენთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია. BP რეგიონს არ ტოვებს, პირიქით, საქართველოში და მთლიანად რეგიონში საქმიანობის გაფართოებას განაგრძობს. ჩვენ ვრჩებით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის და სამხრეთ კავკასიური მილსადენების სისტემის პარტნიორებად და გავაგრძელებთ მნიშვნელოვანი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მართვას“, - აღნიშნა აითან ჰაჯიევამ.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გარემოსდაცვით და საინვესტიციო პროექტებს, მათ შორის ტყის აღდგენისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მიმართულებებს. აღინიშნა, რომ BP აქტიურად თანამშრომლობს სამინისტროს სისტემაში შემავალ უწყებებთან როგორც ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის, ისე გარემოსდაცვითი და ბუნებრივი რესურსების დაცვის პროექტების განხორციელების კუთხით.
შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები - გიორგი წკრიალაშვილი, ზურაბ ეზუგბაია და ბრითიშ პეტროლიუმის საგარეო ურთიერთობების მენეჯერი რუსუდან მეძმარიაშვილი ესწრებოდნენ.