წალენჯიხაში ახალი იუსტიციის სახლი აშენდება - ვახტანგ ჟვანია
წალენჯიხაში ახალი იუსტიციის სახლი აშენდება - ამის შესახებ, იუსტიციის სახლის თავმჯდომარემ ვახტანგ ჟვანიამ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.
„თქვენ მოგეხსენებათ, რომ დღეს იუსტიციის სახლი ოპერირებს 127 ფილიალით და, ასევე, ჩვენ სერვისების მიწოდებას ვახორციელებთ მობილური იუსტიციის სახლებითაც.
ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს მშენებლობები და შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამი იუსტიციის სახლის მშენებლობა უკვე დასასრულს უახლოვდება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არის მცხეთა, ასევე ზოტი და ჭალა. ბოლოსკენ არის ასევე მშენებლობის პროცესი ახმეტაშიც, რაზეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალიან მალე ამ ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებში იუსტიციის სახლები იქნება წარმოდგენილი და იქაც ზუსტად 500-ზე მეტი სერვისით სარგებლობას შეძლებენ ჩვენი მოქალაქეები, როგორც, თუნდაც, ცენტრალურ იუსტიციის სახლში, თბილისში.
რა თქმა უნდა, ეს არ არის დასასრული. ჩვენ უკვე გამოვაცხადეთ სახელმწიფო შესყიდვა წალენჯიხის იუსტიციის სახლის მშენებლობაზე. მოგეხსენებათ, წინა წელს მინისტრმა დააანონსა წალენჯიხაში იუსტიციის სახლის მშენებლობა და, ბუნებრივია, ჩვენ ჩვენს ნათქვამ სიტყვას პასუხისმგებლობით ვეკიდებით. აქედან გამომდინარე, ეს პროცესი უკვე დაძრულია. განხორციელდება სახელმწიფო შესყიდვა, გამოცხადდება გამარჯვებული კომპანია, რომელიც ააშენებს წალენჯიხის იუსტიციის სახლს.
რა თქმა უნდა, როცა ვლაპარაკობთ ლოკაციების ზრდაზე, ბუნებრივია, ეს არ არის ქაოტური პროცესი. ამ პროცესს და ლოკაციის არჩევას ყოველთვის საფუძვლად უდევს კვლევა. ამ კვლევის საფუძველზე ხდება საჭიროებების განსაზღვრა მოსახლეობის რაოდენობის შესაბამისად და მერე უკვე იუსტიციის სახლს აქვს შესაძლებლობა იმისა, რომ აირჩიოს, საჭიროა შენობის აშენება თუ მობილური იუსტიციის სახლი დაფარავს ამ საჭიროებებს.
სწორედ ამიტომ, გარდა იმისა, რომ ჩვენ ვგეგმავთ და უკვე ვასრულებთ კონკრეტულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ასევე ვგეგმავთ მობილური იუსტიციის სახლების რაოდენობის ზრდასაც, რადგან მობილური იუსტიციის სახლი ბევრად უფრო ეკონომიურია და ნაკლები ხარჯი უჯდება სახელმწიფოს. ამიტომ, სწორედ ამ გონივრული და სწორი პოლიტიკის საფუძველზე ხდება კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება.
მთავარი, რასაც ამ ყველაფერს საფუძვლად უდევს, არის დღევანდელი ხელისუფლების პოზიცია, რომ ნებისმიერი სახელმწიფო სერვისი, რომელიც ადამიანს სჭირდება, მისთვის ხელმისაწვდომი იყოს. ამ ხელმისაწვდომობაში არ იგულისხმება მარტო ლოკაცია და სახლთან ახლოს ყოფნა კონკრეტული იუსტიციის სახლისა; ამაში იგულისხმება კომფორტული გარემო, სერვისის მიწოდების ხარისხი და, ასევე, ყოველდღიური განვითარება, რომელიც ჩვენი მთავარი მიზანია ყოველდღიური საქმიანობის ნაწილში“, - აცხადებს ვახტანგ ჟვანია.
სხვა სიახლეები
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ყველაზე მასშტაბური STEAM ბანაკი დაიწყო
29.07.2026.17:23
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს STEAM ბანაკის პირველი ნაკადი დაიწყო, რომელშიც, მთელი საქართველოს მასშტაბით, 100 ქართველი ახალგაზრდა მონაწილეობს.
STEAM ბანაკი აერთიანებს ხუთ მნიშვნელოვან საგანმანათლებლო მიმართულებას - მეცნიერებას, ტექნოლოგიას, ინჟინერიას, ხელოვნებას და დიზაინს და მათემატიკას. ის მიზნად ისახავს სკოლის მოსწავლეების პროგრამირების საწყისებით, თანამედროვე ტექნოლოგიებითა და ინოვაციური მეწარმეობით დაინტერესებას, მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობას. პროექტი გრძელვადიან პერსპექტივაში ხელს შეუწყობს ქვეყანაში ინოვაციური ეკოსისტემის გაძლიერებასა და ეკონომიკურ განვითარებას.
სასწავლო პროგრამა ასევე მოიცავს გუნდურ მუშაობას, პროდუქტის პროტოტიპირებასა და მის განვითარებას, ასევე პროექტის წარდგენის ტექნიკასა და პრაქტიკულ სიმულაციებს. ბანაკის დასასრულს გამოვლინდება საუკეთესო გუნდი, რომელმაც ყველაზე მეტი მისიის შესრულება შეძლო.
თეორიული ცოდნის მიღების პარალელურად, ბანაკის მონაწილეები ჩართულნი არიან STEAM GAME-ში, რაც მათ აძლევს შესაძლებლობას, გუნდურად დააგროვონ ქულები მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებით. თამაშისთვის შექმნილია სპეციალური პლატფორმა, სადაც ყოველდღიურად იტვირთება შესაბამისი მისიები.
ბანაკი ჩატარდება 3 ნაკადად, შერჩეული მონაწილეები სრულად დაფინანსდებიან. ბანაკში მონაწილეობას, ჯამში, 300 ახალგაზრდა მიიღებს. ბანაკს ამბასადორი კაჭრეთის აკადემია მასპინძლობს და ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრი ახორციელებს.