წარმოდგენილი ბიუჯეტი პასუხობს ყველა იმ გამოწვევას, რომელიც ქალაქის განვითარებას სჭირდება - ლევან არველაძე
თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ლევან არველაძემ 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის შესახებ ისაუბრა. საკრებულოს სხდომაზე, სადაც დედაქალაქის მერი წლიური ანგარიშით წარსდგა, ლევან არველაძემ იმ პრიორიტეტების შესახებ ისაუბრა, რომელიც თბილისის მომავალი წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტშია გაწერილი. ლევან არველაძემ კახა კალაძეს საინტერესო ანგარიშისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ თბილისის მერის და მისი გუნდის მუშაობის შედეგად 2017 წლიდან დღემდე დედაქალაქის ბიუჯეტი ორნახევარჯერ არის გაზრდილი.
საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის თქმით, 2017 წელს, დედაქალაქის დამტკიცებული ბიუჯეტი 843, 134, 500 ათას ლარს შეადგენდა, ხოლო დღეს, 2025 წლის ბიუჯეტის წარმოდგენილი პროექტი 1 983 178,0 ათასი ლარით არის განსაზღვრული. ლევან არველაძის განმარტებით, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა - აღდგენა 2017 წელს 163,716,00 ათას ლარს შეადგენდა, ხოლო დღეს - 685 915,7 ათასი ლარია. ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა, ექსპლუატაცია და ავარიული შენობების გამაგრება 2017 წელს 148,835, 200 ათასი ლარი იყო, დღეს კი ამისთვის 246 495,3 ათასი ლარია განსაზღვრული. ჯანდაცვა და სოციალური მომსახურება 2017 წელს 99, 345,100 ათასი ლარი გახლდათ, 2025 წლის ბიუჯეტით კი ამ მიმართულებით 165,575,200 ათასი ლარია გამოყოფილი. ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისთვის 2017 წლის ბიუჯეტში 79,106,400 ათასი ლარი იყო განსაზღვრული, მომავალი წლის ბიუჯეტში კი - 263 120,9 ათასი ლარი გამოიყოფა. განათლების მიმართულებით გამოყოფილი თანხები 2017 წელს 122,892, 900 ათას ლარს შეადგენდა, მომავალ წელს კი განათლებისთვის - 261 539,9 ათასი ლარი განისაზღვრება. რაც შეეხება კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებას, ლევან არველაძის განცხადებით, აქ 2017 წელს 29, 026, 700 ათასი ლარი დაიხარჯა, 2025 წლის ბიუჯეტის პროექტში კი - 39 294,0 ათასი ლარი გამოიყოფა.
ამას გარდა, ქონების მართვისა და საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, 2025 წლის ბიუჯეტის პროექტში შენარჩუნებულია ყველა ძირითადი პრიორიტეტი. როგორიცაა ჯანდაცვა და სოციალური მიმართულება; ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება; ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა; სატრანსპორტო რეფორმა და სხვა.
„წარმოდგენილი ბიუჯეტი პასუხობს ყველა იმ გამოწვევას, რომელიც ქალაქის განვითარებას სჭირდება. დარწმუნებული ვარ, დროთა განმავლობაში თქვენი საქმიანობა კიდევ უფრო პოზიტიურად შეფასდება. ჩვენი გუნდის მთავარი მიზანია, თბილისი იყოს ეკოლოგიურად სუფთა, უსაფრთხო, კომფორტული და მოწესრიგებული ქალაქი“ - განაცხადა ლევან არველაძემ.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.