წელიწადში, დაახლოებით, 1 მლნ ლარამდეა ის თანხა, რასაც პირდაპირი გზით იბრუნებს მომხმარებელი სააგენტოსადმი მომართვის შედეგად, ჩვენთან შემოსული საკითხების 90 % წყდება მომხმარებლის სასარგებლოდ - ირაკლი ლექვინაძე
წელიწადში, დაახლოებით, 1 მლნ ლარამდეა ის თანხა, რასაც პირდაპირი გზით იბრუნებს მომხმარებელი სააგენტოსადმი მომართვის შედეგად, ჩვენთან შემოსული საკითხების 90 % წყდება მომხმარებლის სასარგებლოდ. 55-%-ით არის გაზრდილი მომხმარებლების მომართვიანობა სააგენტოსადმი, თუ შევადარებთ მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერს გასული წლის ამავე პერიოდს, - ამის შესახებ GCCA-ის თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ „რადიო იმედის" ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, ეს თავისთავად ნიშნავს იმას, რომ უფრო მეტმა ადამიანმა იცის საკუთარი უფლებების შესახებ. ირაკლი ლექვინაძემ აღნიშნა, რომ GCCA-ში შესული განცხადებების 90 % მომხმარებლის სასარგებლოდ წყდება. „წელიწადში, დაახლოებით, 1 მლნ ლარამდეა ის თანხა, რასაც მომხმარებელი პირდაპირი გზით იბრუნებს სააგენტოსადმი მომართვის შედეგად. ეს ის შემთხვევებია, როდესაც ნივთს უკან არ იბრუნებენ მოვაჭრეები, ან არ ცვლიან. სექტორულ ნაწილს თუ დავაკვირდებით, ონლაინ ვაჭრობას უჭირავს 70 %, ძირითადად არის საბითუმო და საცალო ვაჭრობისა და ტრანსპორტირების სექტორი, ყიდულობენ ტანსაცმელს, ტექნიკას და ა.შ. საუბარია ქართულ კომპანიებზე და ასევე უცხოეთიდან გამოწერილ ნივთებზე, რომლის ტრანსპორტირებასაც ახდენს ქართული კომპანიები,"- განაცხადა GCCA-ის თავმჯდომარემ. მისივე თქმით, ბოლო წლებში გაზრდილია დარღვევები იმ მცირე და საშუალო კომპანიების ნაწილში, რომლებიც სოციალურ ქსელებში ოპერირებენ. „ბოლო წლებს თუ შევხედავთ, გაზრდილია დარღვევების მაჩვენებელი. თუ ადრე პირობითი შეთანხმების ვალდებულებები ჭარბობდა, რაც ნიშნავს, რომ მომხმარებელი, მოვაჭრე და ჩვენ ვთანხმდებით, რომ დაბრუნდება თანხა, ან აღდგება მომხმარებლის დარღვეული უფლება და გასწორდება
სავაჭრო პოლიტიკა, წელს გაზრდილია დარღვევების წილი მცირე და საშუალო კომპანიების ხარჯზე, რომლებიც სოციალურ ქსელებში არიან წარმოდგენილები. რაც შეეხება მსხვილ კომპანიებს, აქ პრაქტიკულად პრობლემა არ გვაქვს, პრობლემის შემთხვევაში ვთანამშრომლობთ და მომხმარებლის სასარგებლოდ ხდება, ძირითადად, საკითხის გადაწყვეტა, ვინაიდან კმაყოფილი მომხმარებელი მსხვილი კომპანიების მარკეტინგულ სტრატეგიაში არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი,"- განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.