წელს დაახლოებით 30-მდე ახალი სკოლის მშენებლობა დაიწყება და 70-მდე სკოლა რეაბილიტირდება - რევაზ სოხაძე
მიმდინარე წელს დაიწყება დაახლოებით 30 ახალი სკოლის მშენებლობა და 70-მდე სკოლის რეაბილიტაცია, ხოლო დაახლოებით 60 სკოლა დასრულდება და ექსპლუატაციაში შევა, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ გადაცემაში „ბიზნესპარტნიორი“. მისი თქმით, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ უკვე ჩატარებულია შესაბამისი კონკურსები და მიმდინარეობს პროექტების მომზადება.
მინისტრის თქმით, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარება ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული თემაა როგორც საზოგადოებისთვის, ისე ხელისუფლებისთვის, რადგან სკოლების მდგომარეობა პირდაპირ აისახება ოჯახების ყოველდღიურ ცხოვრებაზე.
მისივე განცხადებით, სამინისტრო უკვე ამზადებს ტიპურ საპროექტო დოკუმენტაციას, რაც სკოლების მშენებლობის პროცესს დააჩქარებს და კონკრეტულ ლოკაციებზე პროექტების სწრაფ ადაპტაციას უზრუნველყოფს.
„გვექნება მზა პროექტები, რომლებსაც ეტაპობრივად გამოვიყენებთ სხვადასხვა დასახლებაში. მაგალითად, 800-ბავშვიანი სკოლის შემთხვევაში გვექნება სტანდარტული პროექტი, რომელსაც კონკრეტულ ლოკაციაზე ერთ თვეში მოვარგებთ და შემდეგ დაიწყება მშენებლობა. ეს მნიშვნელოვნად დაგვიზოგავს დროს“, - აღნიშნა მინისტრმა.
რევაზ სოხაძის თქმით, ამ დროისთვის დაახლოებით 400 სკოლაზეა საუბარი, რომელსაც რეაბილიტაცია ან ახალი მშენებლობა სჭირდება, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას ექსპერტული შეფასებები განსაზღვრავს.
მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა მშენებლობის ხარისხსა და ვადებზე და აღნიშნა, რომ სახელმწიფო პროექტებში მკაცრი მოთხოვნები იმოქმედებს, რათა სამუშაოები ხარისხიანად და გონივრულ ვადებში შესრულდეს.
რევაზ სოხაძემ ასევე ისაუბრა წითელხევის სკოლის საკითხზე, რომელიც ამჟამად ალტერნატიულ ფართში ფუნქციონირებს. მისი თქმით, საკითხი გადამოწმებულია და დასკვნა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მზადდება, ხოლო პასუხის მიღებისთანავე დაიწყება შესაბამისი პროცედურები და ქმედებები.
სხვა სიახლეები
ქუთაისი-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას გზის 4.2 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია გრძელდება
12.06.2026.11:58
ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ადიგენის მუნიციპალიტეტში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის 4.2 კმ-იანი (კმ95 - კმ99) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს აქტიურად აგრძელებს.
პროექტით გათავლისწინებულია გზის სავალ ნაწილზე ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება, რკინა-ბეტონის მილებისა და კედლების, კიუვეტების, მიერთებების, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელებისა და საგზაო ნიშნების მოწყობა. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მათი ღირებულება 5.7 მილიონი ლარია.
ბაღდათი-აბასთუმნის გზის მონაკვეთი რამდენიმე დასახლებას აკავშირებს (ბაღდათი, ნერგეეთი, წყალთაშუა, წაბლარისხევი, საირმე, აბასთუმანი), ხოლო აბასთუმანი-ბენარას მონაკვეთი აბასთუმანს, ვარხაანს, უნწასა და ბენარას მოიცავს.
პროექტის დასრულების შემდეგ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება გადაადგილების უსაფრთხოება და კომფორტი, ხოლო საქართველოს ცენტრალური ნაწილიდან თურქეთის საზღვრამდე მგზავრობის დრო დაახლოებით 90-120 წუთით შემცირდება. გზის რეკონსტრუქცია ხელს შეუწყობს რეგიონის ეკონომიკურ განვითარებასა და ტურისტული პოტენციალის ზრდას.