მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

წელს პირველად საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიული დღე აღინიშნება

news image
mbc image

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიული დღე წელს პირველად აღინიშნება. პროფესიული დღე საარჩევნო ადმინისტრაციის ინიციატივით დაწესდა და მისი აღნიშვნის თარიღად 22 ნოემბერი განისაზღვრა.

პროფესიული დღის აღსანიშნავად ღონისძიება ეროვნულ სასახლეში გაიმართა და ის საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გახსნეს და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს. გამომსვლელებმა ყურადღება გაამახვილეს საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის მნიშვნელობაზე, საარჩევნო პროცესის ორგანიზებაში ჩართული პროფესიონალების როლსა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში საარჩევნო ინსტიტუტების მნიშვნელობაზე.

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საარჩევნო ადმინისტრაციას პროფესიული დღე მიულოცა და აღნიშნა რომ - ძლიერი და დამოუკიდებელი სახელმწიფო მტკიცე ინსტიტუტებზე დგას.

„დღევანდელი დღის დაწესებით ჩვენ ღირსეულ პატივს მივაგებთ დიდ სახელმწიფოებრივ მემკვიდრეობას, ვიცავთ ინსტიტუციურ მეხსიერებას და სათანადოდ ვაფასებთ თითოეული საარჩევნო მოხელის ფასდაუდებელ ღვაწლს. ძლიერი და დამოუკიდებელი სახელმწიფო მტკიცე ინსტიტუტებზე დგას. საქართველოში ხელისუფლების ერთადერთი წყარო ქართველი ხალხია, ხოლო საარჩევნო ადმინისტრაცია არის ის საკვანძო სახელმწიფოებრივი რგოლი, რომელიც თითოეული მოქალაქის ნებას ასახავს. არჩევნების მაღალ დონეზე ორგანიზებასთან ერთად, თქვენი უწყება წარმატებით ემსახურება საარჩევნო კულტურის განვითარებასა და საზოგადოების, განსაკუთრებით კი მომავალი თაობების ცნობიერების ამაღლებას. სწორედ თქვენს პროფესიონალიზმზე, კანონისადმი და საქმისადმი ურყევ ერთგულებაზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და საზოგადოებრივი სტაბილურობა. გასული წლების განმავლობაში საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციამ განვითარების რთული, ამავდროულად შთამბეჭდავი გზა განვლო. დღეს ის წარმოადგენს მოდერნიზებულ, საერთაშორისო სტანდარტების ინსტიტუტს, რომელიც მოწინავე ელექტრონული ტექნოლოგიებით, გამჭვირვალე პროცედურებითა და მაღალკვალიფიციური კადრებით გამოირჩევა“, -განაცხადა პრეზიდენტმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ კანონის უზენაესობა, მიუკერძოებლობა და გამჭვირვალობა ცესკოს მუშაობის ქვაკუთხედია.

„ეს თარიღი არ არის შემთხვევითი, ადგილიც სიმბოლურია. 1918 წლის 22 ნოემბერს სწორედ ამ შენობაში დაამტკიცა საქართველოს ეროვნულმა საბჭომ დებულება დამფუძნებელი კრების არჩევნებისა და აირჩია ცენტრალური საპარლამენტო საარჩევნო კომისიის პირველი შემადგენლობა. ეს იმ დროისთვის მსოფლიო მასშტაბით პროგრესული აქტი იყო. 108 წლის წინ ჩვენმა წინაპრებმა საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი და ფარული კენჭისყრა დაადგინეს, ქალებსა და კაცებს კი თანაბარი ხმის უფლება მიანიჭეს. სწორედ ამ დოკუმენტს ეყრდნობა საქართველოს დღევანდელი დემოკრატიული საარჩევნო სისტემა. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ დაიხვეწა არჩევნების ორგანიზების წესები და დაინერგა თანამედროვე ტექნოლოგიები. ფორმები შეიცვალა, პრინციპები უცვლელი დარჩა. კანონის უზენაესობა, მიუკერძოებლობა და გამჭვირვალობა ცესკოს მუშაობის ქვაკუთხედია. არჩევნების გზით მოქალაქეთა ნების თავისუფალი გამოხატვა დემოკრატიის არსია, ამიტომ გამართული საარჩევნო პროცესი ქვეყნის სტაბილურობისა და წინსვლის საყრდენია. ეს საქმე კომისიის თითოეულ თანამშრომელზე, თქვენს პროფესიონალიზმსა და კეთილსინდისიერ შრომაზეა დამოკიდებული“, - განაცხადა პრემიერმა.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა - „საარჩევნო ადმინისტრაციას განსაკუთრებული ადგილი უკავია სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის. მართალია, თქვენ არ განსაზღვრავთ ქვეყნის პოლიტიკურ მომავალს, მაგრამ თქვენ ქმნით პირობებს, რომ ეს მომავალი თავად ქართველმა ხალხმა განსაზღვროს. კანონმა სწორედ თქვენ დაგაკისრათ არჩევნების ადმინისტრირებისა და ხალხის მიერ გამოხატული ნების ოფიციალურად ასახვის პასუხისმგებლობა. ეს არის დიდი პატივი და, ამავდროულად, უდიდესი პასუხისმგებლობა. გასული წლების განმავლობაში საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციამ მნიშვნელოვანი პროფესიული და ტექნოლოგიური განვითარების გზა გაიარა. განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ელექტრონული ტექნოლოგიების ფართომასშტაბიან დანერგვას. ამ პროგრესის მიღმა დგას ათასობით ადამიანის შრომა, პროფესიული ცოდნა და გამოცდილება“.

გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, 22 ნოემბერი თითოეული საარჩევნო ადმინისტრატორის პროფესიული დღეა და მისი დაწესება მნიშვნელოვანი ნაბიჯია საარჩევნო ადმინისტრაციის ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და პროფესიული საქმიანობის დაფასების მიმართულებით. მისი თქმით, ამ დღის აღნიშვნას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რადგან, არჩევნების ორგანიზებასთან ერთად, საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი საარჩევნო კულტურის განვითარება, ინსტიტუციური მეხსიერების შენარჩუნება და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა. აღნიშნული თარიღი არა მხოლოდ სიმბოლურ, არამედ მნიშვნელოვან საგანმანათლებლო და ინსტიტუციურ დატვირთვასაც ატარებს. როგორც გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, პროფესიულ დღედ 22 ნოემბრის განსაზღვრა ქვეყნის საარჩევნო ისტორიის უმნიშვნელოვანეს მოვლენას უკავშირდება: 1918 წლის 22 ნოემბერს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ დაამტკიცა კანონი „დებულება დამფუძნებელი კრების არჩევნებისა“. აღნიშნულმა საკანონმდებლო აქტმა საფუძველი ჩაუყარა პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების არჩევნების ორგანიზებას. ამასთან, საარქივო მასალების თანახმად, სწორედ 1918 წლის 22 ნოემბერს დამფუძნებელმა კრებამ აირჩია ცენტრალური საპარლამენტო საარჩევნო კომისიის პირველი შემადგენლობა.

„ჩვენ ახლა ეროვნულ სასახლეში ვიმყოფებით, რადგან სწორედ ამ შენობაში, 1918 წლის 22 ნოემბერს მიიღეს პირველი ქართული საარჩევნო სამართლებრივი აქტი - საქართველოს ეროვნულმა საბჭომ დაამტკიცა კანონი ,,დებულება დამფუძნებელი კრების არჩევნებისა”. ეს ისტორიული თარიღი გვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის ხმა და მათი არჩევანის თავისუფლება. სწორედ ამიტომ, ამ მნიშვნელოვან ისტორიულ საფუძველზე დაყრდნობით, 2026 წლიდან ჩვენ ვამკვიდრებთ ახალი ტრადიციას - ყოველწლიურად აღვნიშნოთ „საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიული დღე“. ეს არ არის მხოლოდ ისტორიული თარიღის აღნიშვნა. ეს არის ჩვენი ქვეყნის საარჩევნო მემკვიდრეობის შენარჩუნება, იმ ადამიანების შრომის პატივისცემა და დაფასება, რომლებიც ამ პროცესის განვითარებაში იღებდნენ მონაწილეობას. და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მომავალი თაობებისთვის ამ ღირებული ისტორიის გაზიარება. გვჯერა, რომ ისტორიის ცოდნა გვაძლევს შესაძლებლობას ღირსეულად ვცეთ პატივი ჩვენს წარსულს, უკეთ გავიაზროთ დღევანდელი პასუხისმგებლობა და მომავლის მნიშვნელობა“, - აღნიშნა ცესკოს თავმჯდომარემ.

ღონისძიების ფარგლებში ცესკოს თავმჯდომარემ მოწვეულ სტუმრებს პრეზენტაცია „1918 წლის დებულებიდან თანამედროვეობამდე“ წარუდგინა. პრეზენტაცია საქართველოს საარჩევნო სისტემის ისტორიულ განვითარებას, მის სამართლებრივ საფუძვლებსა და საარჩევნო ადმინისტრირების ევოლუციას შეეხებოდა.

ღონისძიების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომელთა დაჯილდოების ცერემონია იყო. გიორგი კალანდარიშვილმა და ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ მრავალწლიანი პროფესიული საქმიანობისთვის 49 საარჩევნო მოხელეს სპეციალური მადლობის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

ღონისძიება 26 ნოემბერს გაიმართა და მას ცესკოს, უსკოს, საოლქო საარჩევნო კომისიების, ცესკოს სწავლების ცენტრის, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების, პარტნიორი სახელმწიფო უწყებებისა და საპატრიარქოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიების მხარდაჭერისთვის საარჩევნო ადმინისტრაცია მადლობას უხდის თბილისის მერიასა და ეროვნულ სასახლეს.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

27.11.2026.18:37

ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.

რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.

ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.

სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა