ცესკოს თავმჯდომარე ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს შეხვდა
ახალგაზრდების საარჩევნო საკითხებზე ინფორმირების მიზნით, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია, ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით კიდევ ერთ მასშტაბურ პროექტში მონაწილეობს.
2026 წლის საზაფხულო ბანაკების პროექტის ფარგლებში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკს ეწვია და მის მონაწილეებს შეხვდა.
შეხვედრა ცესკოს თავმჯდომარემ და ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილემ ანზორ მეგრელიშვილმა გახსნეს.
გიორგი კალანდარიშვილმა ახალგაზრდებთან არჩევნების მნიშვნელობაზე, დემოკრატიულ პროცესებში მათი აქტიური მონაწილეობის როლსა და საარჩევნო საკითხებზე ინფორმირების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ცესკოს თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა დეზინფორმაციის გავლენაზე საარჩევნო პროცესზე და აღნიშნული ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად შეაფასა. მან მონაწილეებს საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგია გააცნო, რომელიც დეზინფორმაციის პრევენციასა და საზოგადოების დროულ და ობიექტურ ინფორმირებას ისახავს მიზნად.
შეხვედრის ფარგლებში ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ საარჩევნო ადმინისტრაციის ჟურნალს „არჩევნები 360 გრადუსით“, რომელიც მკითხველს აქტუალურ საარჩევნო თემებზე მრავალმხრივ და ამომწურავ ინფორმაციას სთავაზობს.
ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში გამართულ შეხვედრას 200-ზე მეტი ახალგაზრდა დაესწრო.
აღსანიშნავია, რომ საზაფხულო ბანაკების პროექტის ფარგლებში საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირები და წარმომადგენლები კიდევ არაერთ საინფორმაციო შეხვედრას გამართავენ, როგორც ანაკლიაში, ასევე სხვა ლოკაციებზეც, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების საარჩევნო განათლებისა და ინფორმირებულობის გაძლიერებას.
ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.
სხვა სიახლეები
ეროვნულმა ბანკმა ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდო 2026-ის გამარჯვებული მასწავლებელი გამოავლინა
11.09.2026.18:09
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს პირველი გამარჯვებული გამოავლინა. ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდა ამირან ხიმშიაშვილი, სსიპ შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბაძველის საჯარო სკოლის მოქალაქეობის მასწავლებელი.
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდო ყოველწლიური კონკურსია, რომელიც გასულ წელს საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა „ფინედუს“ ინიციატივითა და ბაზისბანკის მხარდაჭერით დაარსდა. მისი მიზანია სკოლებში ფინანსური განათლების გაძლიერება, სწავლების ხარისხის ამაღლება ინოვაციური მიდგომების გამოყენებით და იმ მასწავლებლების გამოვლენა და აღიარება, რომლებიც მოსწავლეებსა და სასკოლო საზოგადოებაში ფინანსური განათლების პოპულარიზაციაში განსაკუთრებულ წვლილს შეიტანენ.
2025-2026 სასწავლო წლის განმავლობაში კონკურსის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ფინანსური განათლების ხელშეწყობის მიზნით განეხორციელებინათ გაკვეთილები და პროექტები, შეექმნათ სასწავლო რესურსები და დაენერგათ ინოვაციური მიდგომები ფინანსური განათლების სწავლების პროცესში. კონკურსის ფინალურ ეტაპზე ხუთი მასწავლებელი გადავიდა.
გამარჯვებული ჟიურიმ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე გამოავლინა. შეფასებისას გათვალისწინებული იყო განხორციელებული აქტივობების შესაბამისობა ფინანსური განათლების მიზნებთან, შემოქმედებითი და ინოვაციური მიდგომები, მოსწავლეთა ჩართულობა და მიღწეული შედეგები. ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ საქართველოს ეროვნული ბანკის, ბაზისბანკის, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები. გამარჯვებულ მასწავლებელს ბაზისბანკისგან 5,000 ლარის ფულადი პრიზი გადაეცა.
დაჯილდოების ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე, საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი და საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე. ღონისძიების ფარგლებში მათ ხაზი გაუსვეს ფინანსური განათლების სკოლებში გაძლიერების მნიშვნელობას და ამ მიმართულებით უწყებებსა და საფინანსო სექტორს შორის თანამშრომლობის გაგრძელებისა და მხარდაჭერის მზაობას.
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს დაჯილდოება გაიმართა კონფერენციის „ფინანსური განათლება სკოლებში: იდეიდან საკლასო ოთახამდე“ ფარგლებში. კონფერენცია მიზნად ისახავდა სკოლებში ფინანსური განათლების გაძლიერების ხელშეწყობას სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეს შორის თანამშრომლობის, გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისა და მასწავლებელთა პრაქტიკული მხარდაჭერის გზით.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ მასწავლებლები, განათლების სფეროს, საჯარო და საფინანსო სექტორის წარმომადგენლები. მონაწილეებმა იმსჯელეს ფინანსური განათლების ეროვნულ ხედვაზე, სკოლებში მისი ინტეგრირების შესაძლებლობებზე, მასწავლებლებისთვის ხელმისაწვდომ პროგრამებსა და რესურსებზე და საფინანსო სექტორის როლზე მომავალი თაობის ფინანსური განათლების მხარდაჭერაში.
კონფერენციის პრაქტიკული ნაწილი მასწავლებელთა გამოცდილებისა და წარმატებული პრაქტიკის გაზიარებას დაეთმო. ვორქშოფების ფარგლებში მონაწილეებმა იმუშავეს ფინანსური განათლების პრაქტიკული სწავლების, სხვადასხვა საგანში მისი ინტეგრირების, პროექტზე დაფუძნებული სწავლებისა და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების საკითხებზე.
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს მომდევნო კონკურსი, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს განხორციელებული საქმიანობის შესაბამისად გამოავლენს გამარჯვებულს, უახლოეს პერიოდში გამოცხადდება.