ცესკოს თავმჯდომარე და სწავლების ცენტრის დირექტორი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ
საარჩევნო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, ახალგაზრდების ჩართულობა და ინკლუზიური საარჩევნო გარემოს განვითარების შესაძლებლობები - ამ საკითხებს დაეთმო ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილისა და სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორის, ნათია ზაალიშვილის შეხვედრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებთან. ცესკოს თავმჯდომარემ ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა და ხაზი გაუსვა მათ მნიშვნელოვან როლს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში და საარჩევნო კულტურის ფორმირებაში. გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციისთვის ახალგაზრდებთან აქტიური კომუნიკაცია ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. მისი თქმით, საარჩევნო საკითხებზე განათლება და სანდო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა ხელს უწყობს ახალგაზრდების ინფორმირებულობის ზრდას, ინკლუზიური საარჩევნო გარემოს განვითარებასა და დემოკრატიულ პროცესებში მათ აქტიურ მონაწილეობას.
„ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო ახალგაზრდებთან, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მასპინძლობით გაიმართა. ჩვენ ახალგაზრდებს, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს, მივაწოდეთ ინფორმაცია იმ მნიშვნელოვანი საარჩევნო საკითხების შესახებ რომელიც დგას თანამედროვე არჩევნების დღის წესრიგში. ვისაუბრეთ ყველა იმ სერვისზე, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია თანაბარი ხელმისაწვდომობისა და ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით ახორციელებს“,- განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.
ცესკოს თავმჯდომარემ შეხვედრის მონაწილეებს დღესვე საარჩევნო ჟურნალი „არჩევნები 360˚“ წარუდგინა. გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, რომ ჟურნალი მკითხველს სთავაზობს მასალას როგორც ბეჭდურ, ისე ციფრულ ფორმატში, რომელიც რამდენიმე ენაზე გამოიცემა - ქართულ-ინგლისურ, ქართულ-სომხურ და ქართულ-აზერბაიჯანულ ენებზე. აღნიშნული ფორმატი კიდევ უფრო აფართოებს საარჩევნო საკითხებზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობას სხვადასხვა ენობრივი საჭიროების მქონე აუდიტორიისთვის.
სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა სტუდენტებს გააცნო ცესკოსა და სწავლების ცენტრის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამები და პროექტები, ისაუბრა მათ მიზნებსა და მონაწილეობის შესაძლებლობებზე. მან მადლობა გადაუხადა საარჩევნო საკითხების მიმართ გამოხატული ინტერესისთვის და აღნიშნა, რომ მსგავს ინიციატივებში ჩართულობა ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, გაიღრმაონ ცოდნა საარჩევნო საკითხების შესახებ და აქტიურად ჩაერთონ სამოქალაქო პროცესებში.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, მადლობა გადაუხადა საარჩევნო ადმინისტრაციას ახალგაზრდებში საარჩევნო ცნობიერების ამაღლებისა და მათი ჩართულობის ხელშეწყობის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობისთვის. მან ყურადღება გაამახვილა უნივერსიტეტის როლზე სტუდენტებში სამოქალაქო ცნობიერების განვითარებისა და საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ ცოდნის გაღრმავების პროცესში. რექტორის განცხადებით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მნიშვნელოვანი შესაძლებლობა აქვთ, ხელი შეუწყონ ახალგაზრდების ინფორმირებულობას და მათ აქტიურ მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ამ თვალსაზრისით, საარჩევნო ადმინისტრაციასთან თანამშრომლობა ქმნის დამატებით შესაძლებლობას, სტუდენტებმა მიიღონ ინფორმაცია საარჩევნო პროცესების შესახებ და უკეთ გაეცნონ მოქალაქის როლსა და შესაძლებლობებს დემოკრატიულ საზოგადოებაში.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ცესკოსა და სწავლების ცენტრის ახალ საგანმანათლებლო პროექტზე - „ინკლუზიური საარჩევნო გარემო და ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობა ღია მმართველობის პროცესში“. პროექტის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის“ (1+4 პროგრამა) 100-მდე სტუდენტს, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს, საარჩევნო საკითხებზე ინფორმაცია მიეწოდათ.
სტუ-ის აკადემიური სექტორის წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს აღნიშნული ინიციატივა და ხაზი გაუსვეს მის მნიშვნელობას ინკლუზიური საარჩევნო გარემოს განვითარებისა და ახალგაზრდების საზოგადოებრივ პროცესებში ჩართულობის ხელშეწყობისთვის.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საარჩევნო ადმინისტრაციის მნიშვნელოვანი პარტნიორია. შეხვედრა კიდევ ერთხელ წარმოაჩენს უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას საარჩევნო ინფორმაციის გავრცელებისა და ახალგაზრდებთან კომუნიკაციის გაძლიერების პროცესში. ცესკოს თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ არსებული თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება და ახალ ერთობლივ ინიციატივებს დაეფუძნება.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.