ცესკოს თავმჯდომარე ყვარლის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს შეხვდა
ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო), ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით, ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრებს აქტიურ რეჟიმში განაგრძობს.
2026 წლის საზაფხულო ბანაკების ფარგლებში შეხვედრა ამჯერად ყვარლის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებთან გაიმართა.
შეხვედრა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა და ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე ანა ბუხრაშვილმა გახსნეს.
შეხვედრის ფარგლებში გიორგი კალანდარიშვილმა ახალგაზრდებთან საარჩევნო პროცესში მათი აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე, არჩევნების შესახებ სანდო და ობიექტური ინფორმაციის ფლობის აუცილებლობასა და ამომრჩევლის როლის შესახებ ისაუბრა.
ცესკოს თავმჯდომარემ მიმოიხილა 2024 - 2025 წლების საერთო არჩევნები, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის პროცესს, მათ უპირატესობებსა და იმ გამოცდილებას, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციამ აღნიშნული სისტემის წარმატებით დანერგვამდე და დანერგვის პროცესში დააგროვა. მან ასევე ისაუბრა საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით გავრცელებული დეზინფორმაციის გავლენასა და იმ გამოწვევებზე, რომელთა საპასუხოდაც საარჩევნო ადმინისტრაცია შესაბამის ღონისძიებებს ახორციელებს.
შეხვედრის ფარგლებში ცესკოს თავმჯდომარემ ახალგაზრდებს ასევე გააცნო საარჩევნო ადმინისტრაციის საგანმანათლებლო პროექტები, რომლებიც ახალგაზრდებში საარჩევნო კულტურის, სამოქალაქო პასუხისმგებლობისა და დემოკრატიული პროცესების მიმართ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.
შეხვედრის მიმდინარეობისას გიორგი კალანდარიშვილმა მონაწილეებს საარჩევნო ადმინისტრაციის ჟურნალი „არჩევნები 360˚“ წარუდგინა და აღნიშნა, რომ გამოცემა მკითხველს აქტუალურ საარჩევნო თემებზე მრავალმხრივ და ამომწურავ ინფორმაციას სთავაზობს.
შეხვედრის დასკვნით ნაწილში ახალგაზრდებს საშუალება ჰქონდათ პრაქტიკაში თავად გამოეცადათ საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიები. ამასთან, ახალგაზრდებმა მათთვის მნიშვნელოვან და საინტერესო თემებთან დაკავშირებით არაერთი კითხვა დასვეს, რაზეც ამომწურავი პასუხები მიიღეს.
აღსანიშნავია, რომ საზაფხულო ბანაკების პროექტის ფარგლებში საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირები და წარმომადგენლები საინფორმაციო შეხვედრებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში კვლავ გამართავენ, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების საარჩევნო განათლების, ინფორმირებულობისა და დემოკრატიულ პროცესებში მათი აქტიური ჩართულობის გაძლიერებას.
სხვა სიახლეები
როგორი ამინდია მოსალოდნელი 17 ოქტომბერს საქართველოში
17.10.2026.10:19
17 ოქტომბერს ქუთაისში მზიან ამინდს ელოდებიან, დღისით +29 და ღამით +23 გრადუსია მოსალოდნელი.
მზეს ოზურგეთშიც ელოდებიან, დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზე იქნება, დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +19 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო ამინდია ფოთშიც. დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +21 გრადუსია მოსალოდნელი. მზე ზუგდიდშიც იქნება, დღისით ტემპერატურა +29, ღამით კი +20 გრადუსია ნავარაუდევი.
სოხუმშიც მზიანი დღეა. +27 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში მზეა. დღისით +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. ლენტეხშიც მზიანი ამინდი იქნება. დღისით +20 გრადუსი, ხოლო ღამით +10 გრადუსი იქნება.
ამბროლაურშიც მზიანი ამინდია. დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაში მზიანი ამინდია, დღისით +24 გრადუსი, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეშიც მზიანი დღეა, დღისით +26 გრადუსი, ღამით კი +9 გრადუსი იქნება.
ნალექს არ ელოდებიან ახალქალაქშიც. ტემპერატურა დღისით +22, ღამით კი +11 დაფიქსირდება.
ბორჯომში უნალექო დღეა, +25 იქნება დღისით, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღეა მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო დღეს ელოდებიან გორში, დღისით +27 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში ჰაერის ტემპერატურა +26 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება და იქნება მზე.
გუდაურშიც მზიანი ამინდია. დღის განმავლობაში +13 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +6 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით, 15 ღამით კი 8 გრადუსი დაფიქსირდება. არ იწვიმებს.
ლაგოდეხშიც მზიან დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +27 გრადუსი იქნება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. მშრალი დღე იქნება თელავში, +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი.
მზე გურჯაანშიც იქნება. დღისით +26 გრადუსი, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +26 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისშიც მზეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +16 გრადუსი იქნება.