ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში შეხვედრა გამართა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში ახალგაზრდებს შეხვდა.
გიორგი შარაბიძემ შეხვედრის მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის, მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური სიახლეებისა და საგანმანათლებლო პროექტების შესახებ. მან ასევე ისაუბრა საარჩევნო პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე და მონაწილეებს საარჩევნო პროცესის ძირითადი ეტაპები გააცნო. ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა დეზინფორმაციის გავლენაზე საზოგადოებასა და საარჩევნო პროცესზე და შეხვედრის მონაწილეებს გააცნო დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგია.
გიორგი შარაბიძემ მოხალისეებს საარჩევნო ადმინისტრაციის ჟურნალი „არჩევნები 360 გრადუსით“ წარუდგინა და აღნიშნა, რომ გამოცემა მკითხველს აქტუალურ საარჩევნო თემებზე მრავალმხრივ, ამომწურავ ინფორმაციას სთავაზობს.
შეხვედრების მიმდინარეობისას ახალგაზრდები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში და მათთვის საინტერესო საკითხებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.
საარჩევნო ადმინისტრაციამ გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში შეხვედრა მეორედ გამართა. საინფორმაციო შეხვედრები ასევე დაგეგმილია ცენტრის მომდევნო ნაკადების მოხალისეებთან.
სხვა სიახლეები
ქუთაისი-ალპანა-მამისონის გზის კმ107-კმ112 მონაკვეთზე მოძრაობა 2 კვირით იზღუდება
27.10.2026.20:14
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 110-ე კმ-ზე, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების მიზნით, ორი კვირით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, მოძრაობა ასევე შეიზღუდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 107-ე და 112-ე კილომეტრებზე და ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შემოსავლელ გზაზე გადაერთვება. დროის ამ პერიოდში, სატრანსპორტო ნაკადი ონის მიმართულებით იმოძრავებს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის, ადგილობრივი მნიშვნელობის და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გუფთა-ონის საავტომობილო გზების გამოყენებით და პირიქით.